გურჯაანში გარემოვაჭრეები ახალ აგრარულ ბაზარში განთავსდებიან

დღეს გარემოვაჭრეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა და ეს ინფორმაცია თავად გააცნო. “გარემოვაჭრეებს დღეს ადგილზე შევხვდი და ეს სიახლე კიდევ ერთხელ პირადად გავაცანი. მათ ერთკვირიანი პერიოდი მიეცათ ბაზრის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

1 მარტს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას იწყებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ახალი ბაზრის გახსნასთან ერთად ქალაქ გურჯაანში აიკრძალება გარევაჭრობა და მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე გააგრძელებენ საქმიანობას.

აქვე აღვნიშნავ, რომ ბაზარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ქალაქ გურჯაანში გარევაჭრობის საკითხის მოგვარება სრულად ვერ ხერხდებოდა და ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მივდიოდით. მაგრამ ახლა, როდესაც უკვე გვაქვს სუფთა, მოწესრიგებული და ყველა სტანდარტის შესაბამისად მოწყობილი ბაზარი ვფიქრობ, მათთვისაც სასურველი უნდა იყოს ასეთ გარემოში გააგრძელონ საქმიანობა.” – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მერის განცხადებითვე ქალაქის ის ცენტრალური ქუჩები, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობდა, მოწესრიგდება, აღარ დაიყრება ნარჩენები და იქნება სუფთა, როგორც სხვა ქუჩები, ასევე ნარჩენებისგან გათავისუფლდება მიმდებარე ხევიც, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემატური იყო გურჯაანელებისთვის. ამასთან ერთად, გარემოვაჭრეების ბაზარში შესვლის შემდეგ, გათავისუფლდება და მოძრაობა მოწესრიგდება ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის სავალი გზის ნაწილიც გარემოვაჭრეებს აქვთ დაკავებული და ავტომანქანების მოძრაობას აფერხებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად