აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განიხილეს

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს
უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს
თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

საბიუჯეტო კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა
ფუტკარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით,  შემოსულობების ნაწილში
რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ
ლარს აჭარბებს. კანონის პროექტის თანახმად, გრძელდება ყველა მნიშვნელოვანი
პროგრამა და პროექტი, ამასთან, ცალკეულ მიმართულებებში, გათვალისწინებულია
სიახლეები.
მინისტრის განცხადებით, იზრდება ყველა მხარჯავი უწყებისა და ორგანიზაციის
ბიუჯეტი. 10 მილიონი ლარი ემატება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რაც
დაწყებული ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელებაზე დაიხარჯება.
პროექტის თანახმად, 10 მილიონი ლარი ემატება განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ბიუჯეტს, აქედან 3 მილიონ 500 ათასი ლარი სკოლების
მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება.
4 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო
მეურნეობების განვითარებაზე გახარჯავს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მათი
დაფინანსება, კანონის პროექტით, 51 მილიონი ლარით იზრდება და
ინფრასტრუქტურულ პროგრამების გაგრძელებას ითვალისწინებს.
საკითხზე თანამოხსენებით გამოვიდა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – მარინე გვიანიძე.
კითხვა-პასუხისა და ფრაქციების გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრის წინ,
გამოცხადებული შესვენებისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და
უმაღლესი საბჭოს წევრები რიგგარეშე სესიაზე დამსწრე მოქალაქეებს შეხვდნენ.
დეპუტატებსა და ბობოყვათის მცხოვრებლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა
ბობოყვათის სანაპიროზე მიწის ნაკვეთების გასხვისება იყო.
განახლებულ სხდომაზე, საბიუჯეტო ცვლილებების კანონის პროექტი 13 ხმით, 4-
ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

კომენტარები
იტვირთება...