ე.წ. სამხრეთ ოსეთში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საქმე აღძრეს

საუკოპაციო ხაზთან 14 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი ადგილობრივი უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
 

როგორც ამასთან დაკავშირებით "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, 20 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს შსს-ს ანალიტიკური სამსახური დეტალებზე ოფიციალურ კომენტარს.

შეხვედრაზე ქართული და ოსური მხარე სავარაუდოდ სოფელ ორჭოსანთან ახლოს, საოკუპაციო ზოლთან მომხდარ ფაქტზე ისაუბრებს.

"სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივმა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა 2015 წლის 15 ივლისს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული იყო საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი. 
14 ივლისს ამ ადგილზე ინციდენტი მოხდა. ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მოხსნილი, შეურაცხყოფილი და სარწყავ არხში გადაგდებული იყო საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები. მის ადგილზე კი ჯოხზე აღმართული იყო უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშა. 
ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ აქცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა. მომიტინგეები საქართველოსა და უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ, ასევე ხელში ეჭირათ პროვოკაციული ბანერები და სკანდირებდნენ ე. წ. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის მოსახლეობას და მთავრობებს. 
აქციის მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 300-ს შეადგენდა, რომელბმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი, მიუახლოვდნენ საინფორმაციო ნიშანს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან 50 მეტრში იყო განთავსებული. მასზე მიაწებს ფურცლები, რომელზეც შეურაცხმყოფელი ფრაზები იყო დაწერილი, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოახდინეს. საინფორმაციო ნიშნის ადგილას კი საქართველოს დროშა აღმართეს. 
ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა საინფორმაციო ნიშანი ამოიღო სარწავი არხიდან და თავის ადგილას დააბრუნა. ასევე მოხსნეს თვითნებურად აღმართული საქართველოს დროშა, რომელიც საერთაშორისო ტრადიციისა და ცერემონიალის დაცვით ქართულ მხარეს 20 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების რიგგარეშე შეხვედრაზე გადაეცემა. 
პირთა ჯგუფის მიერ, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ ჩადენილი ვანდალიზმისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე 14 ივლიისს აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“- ნათქვამია "რეს"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები
იტვირთება...