ე.წ. “რივიერას” განაშენიანებაზე ბათუმის საკრებულომ საქმის წარმოების გადაწყვეტილება ხმაურის ფონზე მიიღო

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე მიიღო. 23 წევრიანი საკრებულოს დეპუტატთაგან პროექტის განხორციელების დაწყების პროცესს მხარი 20 მათგანმა დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით პროექტი ქალაქის ისტორიულ იერსახეს დაამახინჯებს, სანაპირო ყურეს კი ამ ტიპის სამუშაოები გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის.

მათ საპროტესტო მოთხოვნებს მერაბ ღოღობერიძე დაუპირისპირდა. იგი გასული წლის ბათუმის არეულობის მოწყობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ქალაქში ინვესტიციების განხორციელება მოქალაქეების შემოსავლის ზრდას უზრუნველყოფს:

“ჩვენც ბათუმელები ვართ, ჩვენც გვაქვს მოსაზრება და აზრის გამოთქმის უფლება, ეს ჯგუფი თუ ეწინააღმდეგება, ჩვენ მივესალმებით პროექტს, მშენებლობას”- განაცხადა სხდომაზე მერაბ ღოღობერიძემ.

სხდომაზე მყოფი ბათუმის ისტორიული იერსახის დამცველები კი მიიჩნევენ, რომ ღოღობერიძე დესტრუქციული ვითარების შესაქმნელად მიზანმიმართულად მოიყვანეს სხდომაზე, რათა მათთვიშ პროექტის გაპროტესტების საშუალება არ მიეცა:

“ეს ადამიანი შემოგზავნეს, ვიცით, რომ დესტრუქციული ძალაა და პროექტის მოწინააღმდეგეებს არ მოგვცეს საუბრის საშუალება, ჩვენს მიერ არჩეული საკრებულო ამ გადაწყვეტილებით გვინგრევს ქალაქს”-განაცხადა მოქალაქე ზეინაბ დიასამიძემ.

ე.წ. “რივიერა”-ს პროექტს “სილქროუდ ჯგუფი” გგანახორციელებს. ინვესტიცია ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის, იახტკლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ საჯარო განხილვები დაიწყება. სხდომას ვათუმის მერიც ესწრებოდა:

“მე როგორც მერი და ქალაქის გულშემატკივარი, ვერ უგულებელვყოფ მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობას, 2000 ადამიანის დასაქმებას და მხარს ვუჭერ მის განხორციელებას”-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...