ძლიერი წვიმის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეულ პრობლემებზე მაშველებმა თბილისში 115 შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება.

„ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით თბილისში სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა.

წვიმის შედეგად დაფიქსირდა ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინეს. ამოიტუმბა წყალი, ასევე, დამუშავდა წაქცეული ხეები“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმა იყო შიდა ქართლშიც.

„რეგიონის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება შემოვიდა. ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად