ძლიერი წვიმის გამო აჭარაში საგანგებო ვითარება შეიქმნა

აჭარაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის, შესაბამისად, შექმნილი სტიქიური ვითარების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განცხადებას ავრცელებს.

“30-31 ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.

ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები.
მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი.

აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია უწყების განცზადებაში.
ამ დროისთვის, აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, რამდენიმე ადგილას გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად