ძიუდოისტების ოქრო, ბრინჯაო და სამი მძიმე ტრავმა ჰააგაში (ვიდეო)

დღეს ჰააგის გრან პრიზე მარცხიანად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღეს ჰააგის გრან პრიზე მარცხიანად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ) პირველი შეხვედრა მასპინძელ ტომ ბონეშანსკერს იპონით 1 წუთსა და 28 წამში მოუგო, შემდეგ ამერიკელკოლტონ ბრაუნს სამი შიდო მიაღებინა და მესამე შეხვედრა, პულის ფინალი, ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან ჰქონდა. ჭრიკიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით და 40 წამით ადრე, მაშინ როდესაც ბელგიელ ორი, ხოლო თავად ერთი შიდო ჰქონდა მიღებული, ილეთი წამოიწყო და რამდენიმე წამში შეხვედრა შეწყდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მარცხენა მუხლის ძლიერი ტკივილის გამო ტატამის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და იგი სანიტრებმა საკაცით გაიყვანეს.

რეპეშაჟის ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ქეჯო ნაბალისთან ჭრიკიშვილი ტატამზე აღარ გავიდა და მას უბრძოლველად ჩაეთვალა დამარცხება.

ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) პირველი შეხვედრაში რუმინელი ვალენტინ რადუ შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთისა და 40 წამის შემდეგ დააგდო იპონზე, მეორე შეხვედრაში კი მასპინძელ სიმეონ კანტარინას ვაზარს უგებდა, როცა შეხვედრის დამთავრებამდე 1 წუთათა და 5 წამით ადრე ილეთი წამოიწყო, ჭიდაობა პარტერში დაახლოებით ნახევარი წუთი უშედეგოდ გაგრძელდა, მსაჯებმა შეხვედრა შეაჩერეს და მეტოქეებს წამოდგომის და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. როგორც ჩანს ვარლამმა პარტერში ჭიდაობისას ტრავმა მიიღო და მას შეხვედრის გაგრძელება გაუჭირდა. გაგრძელების შემდეგ კი, მან მართალია შეძლო შეხვედრის ტავის სასარგებლოდ დასრულება, მაგრამ ჩანდა, რომ მას ტკივილი ძლიერ აწუხებდა.

პულის ფინალში, ბრაზილიელ ლეონარდო გონსალესთან, ვარლამი ტატამზე აღარ გავიდა და მას წაგება ჩაეთვალა. არ უჭიდავია ვარლამს არც შემდეგი შეხვედრა, რეპეშაჟის ნახევარფინალი, უნგრელ მიკლოშ ციბრენიჩთან და მას კვლავ უბრძოლველად ჩაეთვალა დამარცხება.

ამრიგად, ჰააგის გრან პრიზე ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან ერთმა – გიორგი მარგველაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა, მეორემ – ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედალი, ხოლო სამმა – ზებედა რეხვიაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად