ძიძიგური: შეუძლებელია, იმ უფლებაზე, რომელიც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული, საგამოძიებო კომისია შეიქმნას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მოთხოვნას პრეზიდენტის მიერ განხორცილებულ შეწყალების საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ მოთხოვნაში ცალსახად იკვეთება პოლიტიკური დაინტერესება იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურ სცენაზე ადგილი იპოვნონ რამდენიმე ხნის განმავლობაში.

“იმისათვის, რომ ოპოზიცია მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში, მუდმივად სურს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნა. თუ ავიღებთ ბოლო 4-8 წლის განმავლობაში, რამდენი საგამოძიებო კომისია მოითხოვა ოპოზიციამ, ნახავთ, რომ რამდენიმე ათეულს გადააჭარბებს ეს რაოდენობა.

შეუძლებელია, იმ უფლებაზე, რომელიც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით ექსკლუზიურად განსაზღვრული, საგამოძიებო კომისია შექმნას პარლამენტმა. იმის მიუხედავად, რომ შეწყალების აქტით განხორციელებული გათავისუფლებები არ მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდსაც და ღიად დავაფიქსირეთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, მაშინ, როდესაც იგივე ოპოზიცია ჩხუბობდა სააკაშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალებებზე, ის ამბობდა, რომ ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. ახლა იგივე ოპოზიცია ორმაგი სტანდარტის დამცველად გვევლინება და ამბობს, რომ შეწყალების აქტზე, რომელიც პრეზიდენტმა განახორციელა, უნდა დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები”-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ სკანდალური შეწყალებების საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.

„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: 1. შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია; 2. რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში; 3. არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან; 4. არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად