ძიძიგური: სამწუხარო ფაქტია, რომ მკვლელები შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ

„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე , რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ. ეს ისეთი მოვლენაა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, უკმაყოფილებას იწვევს“-ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელი და აუცილებელია, ამგვარი ტიპის მასალამ, რომელიც შეწყალებას ეხება, სათანადო ფილტრი გაიაროს.
„ეს კატეგორიულად მიუღებელია. ქალბატონი სალომეც დღეს გამობრძანდა და თქვა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის და შეცდომებისგან, არც მე ვარ დაზღვეულიო. მიმაჩნია, რომ როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეწყალების მოთხოვნით მოგმართავს, ძნელია შემდეგ ეს გაფილტრო. ამან რაღაც ფილტრი უნდა გაიაროს.

წინა პრეზიდენტის პირობებში კომისია არსებობდა, რომელი კომისიაც სწავლობდა ამ საქმეებს და დღეს, რამდენადაც ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი კომისია არ არის. ამიტომ შეუძლებელია, რომ ასეთი ტიპის ზღვა მასალა სრულყოფილად და სწორად იქნას დამუშავებული“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად