ძალოსანთა ეროვნული და ჭაბუკთა ნაკრებები ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე მიემგზავრებიან

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები აპრილის დასაწყისში საერთაშორისო ტურნირებზე მიემგზავრებიან. ეროვნული ნაკრები 3-10 აპრილს ხორვატიის ქალაქ სპლიტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, ჭაბუკთა ნაკრები კი 4-10 აპრილს ტაილანდში მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც ამავე დროს 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შემადგენლობაში იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ირაკლი თურმანიძე. აღსანიშნავია, რომ რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორ ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვა მოუწევს და მისი ასპარეზობა ხორვატიაში დიდ ინტერესს იწვევს.



ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო პირველობისათვის დასკვნით შეკრებას დუშეთის სპორტულ კომპლექსში გადიან, სადაც მარტის ბოლომდე დარჩებიან, ხორვატიასა და ტაილანდში კი აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან.



ძალოსნების საწვრთნელი პროცესი 24 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა, რომელიც სპორტსმენებს მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და მოახლებულ ტურნირზე წარმატება უსურვა.



მინისტრი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რიოს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებით.



„ჩვენი ეროვნული და ჭაბუკთა ნაკრებების წევრებს ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე უწევთ ასპარეზობა. ტრადიციულად, ყოველი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ვხვდებით ჩვენს ძალოსნებს. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი რომ როგორც ჭაბუკთა ასაკის, ასევე ეროვნული ნაკრების წევრები წარმატებით დაგვიბრუნდებიან ამ ჩემპიონატებიდან და გაახარებენ გულშემატკივარს. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ძალოსნობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა ხდება, ჩვენი ნაკრები კი მსოფლიოსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ყოველივე როგორც ფედერაციისა და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური მხადაჭერის შედეგია. გვყავს მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანი და ასევე ყველა ასაკში მსოფლიოსა თუ ევროპის მოქმედი ჩემპიონები. ჩვენი სურვილია ძალოსნობა საქართველოს რეგიონებში განვავრცოთ, იხსნება ახალი დარბაზები, ვახორციელებთ ახალ პროგრამებს და მჯერა, რომ მომავალში კიდევ არაერთი გამარჯვება გველის როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე მომავალ ოლიმპირ თამაშებზე.



ის რომ ჩვენ გვყავს წარმატებული სპორტსმენები ეს სწორედ იმის შედეგია, რომ მათ ეს შრომა სათანადოდ უფასდებათ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი მატერიალური ანაზღაურება, როგორც ოლიმპიური, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებისთვის. ვფიქობ, ყველაზე მთავარი მაინც გულშემატკივრის მხარდაჭერაა რაც ერთობლიობაში სამომავლო წარმატებების წინაპირობას ქმნის. 



არცერთ ეტაპზე, არც ლაშა ტალახაძეს, რომელიც სამაგალითო სპორტსმენი და პიროვნებაა და არც სხვა, ჩვენს სასიქადულო სპორტსმენს არ უფიქრია, რომ სხვა ქვეყნის ღირსება დაიცვან. ისინი ქვეყნის დიდი პატრიოტები არიან, ასევე აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, რასაც თავადაც ადასტურებენ. ასე რომ, ჩვენ სამომავლოდ ერთობლივად კიდევ არაერთგზის გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს მაღალი შედეგებით“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 



„ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა ოქროს მედლით დაბრუნებაა. უკვე მოპოვებული მაქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული და მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ რთულია ტიტულის შენარჩუნება, მაგრამ მე მაქსიმალურად შევეცდები დავიცვა ტიტული და კიდევ ბევრჯერ გავახარო ჩემი საქართველო და გულშემატკივარი. მე რა თქმა უნდა საქართველოში ვრჩები და კიდევ ბვრჯერ შევეცდები ჩემი ქვეყნის სახელი ღირსეულად გავიტანო ფარგლებს გარეთ. მომესმა, რომ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს დატოვებას ვაპირებ, რაც საერთოდ არ მიფიქრია. ნებისმიერ ოლიმპიურ ჩემპიონს შესაძლოა ქონდეს შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ერთი წამითაც არ ზის ჩემში. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებსს, ფედერაციას, სამინისტროს და ყველას ვინც გვერდით მიდგას“ , – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.



„ოლიმპიადის შემდეგ პირველი სტარტია ჩვენთვის. საკმაოდ დიდი დრო გავიდა რიოს შემდეგ, თუმცა კარგად ფორმაში ვართ, კმაყოფილები ვართ მომზადების დონით. ყველაფერს უკვე შეჯიბრი გვიჩვენებს, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ისევ გავახაროთ გულშემატკივარი“, – განაცხადა ირაკლი თურმანიძემ.



„ეროვნული ნაკრების მთავარი ძალა ლაშა ტალახაძეა, რა თქმა უნდა უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებს ირაკლი თურმანიძე და ასევე გვაქვს ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების იმედიც. მათთვის ეს კიდევ ერთი შანსია, რომ დაიმკვიდრონ ადგილი ეროვნულ ნაკრებში. ჩვენი მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა ლაშა ტალახაძის ჩემპიონობა და ტიტულის დაცვაა“, – განაცხადა გიორგი ასანიძემ. 



ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე



რამინ შამილიშვილი (62 კგ)

გიორგი ლომთაძე (77 კგ)

ლაშა ტალახაძე (+105 კგ)

ირაკლი თურმანიძე (+105 კგ)

ანასტასია გოტფრიდი (90 კგ)

მწვრთნელები: გიორგი ასანიძე, ავთო გახოკიძე



ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობა 17-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე



გურამ გიორბელიძე (62 კგ)

კახი ასანიძე (69 კგ)

აჩიკო მალაყმაძე (69 კგ)

ედუარდ კაკაბაძე (77 კგ)

ლომია თებიძე (77 კგ)

ლაშა თაქთაქიშვილი (85 კგ)

ზაზა ლომთაძე (94 კგ)

თორნიკე ტაბატაძე (+94 კგ)

მწვრთნელები: ზურაბ ანთაური, თემურ ჯანჯღავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად