“ძალიან გამიმართლა დოჩი ალიშბაიას ქმარს რომ ვთამაშობ” – ინტერვიუ ჩცდ-ს ტონი ოჩიგავასთან

ქართული სერიალის ჩცდ-ში, ტონი ოჩიგავას როლის შემსრულებელი მსახიობი გია სურმავა ფოთელია. ის ფოთის სახელმწიფო თეატრში წლებია მოღვაწეობს და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. გია სურმავა „აიპრესთან“ სერიალის გადაღების „შიდა სამზარეულოს“  საინტერესო დეტალებს ჰყვება.

ინტერვიუდან გაიგებთ, რამ აიძულა ის კვაზის როლის შემსრულებელისთვის, რამდენჯერმე სახეზე  ძლიერად დაერტყა და რა ჩვევა ჩამოუყალიბა არტისტს პროფესიამ, რის გამოც იძულებულია  საკუთარ მანქანას სახლში შორიდან უყუროს.

25  წელზე მეტია ფოთის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ხართ. არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს, მათ შორის პრესტიჟული თეატრალური პრემიის „დურუჯის“ მფლობელი, თუმცა,  დიდი პოპულარობა, სერიალ ჩცდ-ში შესრულებულმა როლმა მოგიტანათ და შეიძლება ითქვას, უკვე საქვეყნოდ ცნობილ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნებით…

თეატრის წამყვანი  მსახიობი, ცოტა ამბიციური და  ხმამაღალი ნათქვამია. ფოთის თეატრის სცენაზე  პირველად 11 წლის ვიყავი რომ  აღმოვჩნდი,  პატარა ბიჭის როლი ვითამაშე ერთ-ერთ სპექტაკლში. ისე მომეწონა ყველაფერი, გადავწყვიტე მსახიობი გამოვსულიყავი.  თბილისში,  თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. დავამთავრე ლილი იოსელიანის სახელოსნო. შემდეგ დავბრუნდი  ჩემს თეატრში და დღემდე ვაგრძელებ აქ მოღვაწეობას. რაც შეეხება პრემიას, 2013-2014  წლების სეზონის  თეატრალური პრემია „დურუჯი“, რეჟისორ პაატა ციკოლიას „ჰოლანდ ჰოლანდში“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მომანიჭეს. ასევე პოლონეთში,  სპექტაკლ  „ჩარეცხილებში“  მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, ბატონ რამაზ იოსელიანთან ერთად დამაჯილდოვეს. შემდეგ  სამჯერ ვიყავი ნომინირებული  პრემია „დურუჯზე“, მოკლედ ასეთი ამბავია,  მაგრამ ჩემი ყოფნა არ ყოფნა  დიდმა მასებმა  არ იცოდნენ, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. სერიალში პირველივე გამოჩენისთანავე პოპულარული გავხდი და ეს პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

მოგვიყევით როგორ გახდით დოჩის მეუღლე?

ამაში დიდი წვლილი  ჩემს მეგობრებს მიუძღვით .რეჟისორს შორიდან გააცნეს ჩემი თავი, სურათი ანახეს და ერთხელაც, ღამის 11 სათი იყო, ჩცდ-დან რომ დამირეკეს. სენაკში მიმდინარეობდა მაშინ გადაღებები. თურმე, ბევრი ადამიანი გაუსინჯავთ ჩემამდე და არცერთი არ მოეწონათ. მომიწყვეს პატარა სინჯი, ნახეს როგორი მსახიობი ვიყავი,  ლიფონავამ  ტანზე ჩააცვითო  და ეგრევე გადამიღეს. ასე დაიწყო ყველაფერი.

როგორ შექმენით ტონი ოჩიგავას სახე,  რეალურად არსებობს და მას ბაძავთ, თუ გამოგონილი პერსონაჟია?

ტონი ოჩიგავა გამოგონილი პერსონაჟია. მისი სახის შექმნაში დიდი წვლილი სცენარისტს, ქეთი დევდარიანს მიუძღვის. რა თქმა უნდა, რეჟისორსაც და  მსახიობებსაც შეგვაქვს  გარკვეული  შტრიხები, რომ როლი უფრო საინტერესო და ყურებადი გამოვიდეს.

არის საუბრები, რომ  სერიალის გმირები ცნობილი ადამიანების პროტოტიპები არიან…

ძალიან კარგია  მაყურებელი  ჩვენს შექმნილ პერსონაჟებში კონკრეტულ პირებს თუ ხედავს. ეს მსახიობისთვის ძალიან დიდი პლიუსია, ესე იგი  კარგად  ვთამაშობთ. ისე, მინდა გითხრათ, რომ  სერიალში ყველაფერი  გამოგონილია. ყოველი შემთხვევისთვის, ტონი ოჩიგავაზე  დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს.

ნანუკა გულუა როგორი პარტნიორია გადასაღებ მოედანზე, რამდენად კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს?

შესანიშნავი პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ არის,  ძალიან ნიჭიერი ადამიანია და დაკისრებულ დავალებებს იდეალურად ასრულებს, ამიტომაც მაყურებლის უსაზღვრო სიმპათიით და სიყვარულით სარგებლობს.  გამიმართლა  მის ქმარს, რომ  ვთამაშობ.

დოჩისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მეუღლე გყავთ, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, არ გიყვართ ზედმეტად თავდაჯერებული, ტემპერამენტიანი ქალები. თქვენ როგორი მეუღლე ხართ, რამდენად გავხართ ტონი ოჩიგავას?

თავდაჯერებული ქალები არაა ცუდი, მაგრამ გარკვეული დოზით, გაწონასწორებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა დოჩის პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული მეუღლე მყავს, ერთმანეთს პატივს ვცემთ, არ ცდილობს თავზე გადამახტეს. მყავს ერთი ქალიშვილი, მეორეს აგვისტოს თვეში ველოდებით. რაც შეეხება ტონი ოჩიგავას, მას არ ვგავარ, მაგრამ  არის რაღაც მსგავსებები, მაგალითად ოჯახის მიმართ ყურადღებიანია, არ უნდა ვინმეს აწყენინოს, უკონფლიქტოა.

ტონი და დოჩი ბოლომდე დარჩებიან ერთად?

ეს ქეთი დევდარიანის გარდა  არავინ იცის (იცინის). მაყურებელს სერიალში ჩვენი ურთიერთობა  მოსწონს და მგონი ამ ფაქტორს  გაითვალისწინებენ.

 ხომ არ ყოფილა ისეთი სცენა, რომელიც რთულად მოსარგები იყო თქვენთვის?

სერიალში ცხოვრებისეული ისტორიებია გადმოცემული, რაც შესაბამისად არანაირად არ არის მიუღებელი. ჯერჯერობით რაიმე უხერხულობა არ შემქნია და მერე ვნახოთ რა იქნება (იცინის). ძალიან  კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია, ურთიერთშეთანხმებულად  ვმუშაობთ.  იწერება სცენარი, შემდეგ  რეჟისორი თავის აზრს გამოთქვამს, მსახიობები თავისას და  ასე შეზავებულად, მორგებულად იქმნება სცენები.

დარწმუნებული ვარ,  გადაღების დროს ბევრი კურიოზი შეგემთხვეოდათ.

გადაღებები კურიოზებით არის სავსე, ყოველი დღე კურიოზია, მითუმეტეს როცა სამეგრელოს კუთხიდან არიან შეკრებილები, ისეთ რაღაცეებს ჰყვებიან, ძალიან  რთულია შეიკავო სიცილი. გადაღებებზეც სხვათა შორის, არის ისეთი მომენტები, ჩვენც გვეცინება და მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. ერთხელ ასეთი რამ შემემთხვა, კვაზის ჩაწერა მიმდინარეობდა და მე ვეხმარებოდი ტექსტის წაკითხვაში. უცებ წაიქცა და ცუდად გახდა, ავტეხე ყვირილი, მივვარდი და სახეზე ვურტყი, თურმე სცენარის მიხედვით, საუბრის ბოლოს უნდა წაქცეულიყო,  ისე კარგად ითამაშა, რომ  მართლა ცუდად გახდა მეგონა, თან იმ პერიოდში მხარი აწუხებდა, მოკლედ, ასე ჩავშალე  ერთ-ერთი გადაღება.

რა გრძნობა გეუფლებათ როდესაც გცნობენ ქუჩაში, ხომ არ არის შემაწუხებელი პოპულარობა?

შემაწუხებელი ნამდვილად არაა. ახალგაზრდებს, ბავშვებს სურათების გადაღება უყვართ. ტონით მომმართავენ, დოჩი როგორ არისო მეკითხებიან. მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც  უცნობი ადამიანები სითბოს და სიხარულს გამოხატავენ.

სანამ სერიალში მიგიწვევდნენ, თუ გქონდათ  კამერის წინ მუშაობის გამოცდილება?

ეს ჩემი პირველი სერიალია, მანამდე კი რამდენიმე ფილმში ვარ გადაღებული. იყო ასეთი პროექტი, პირველი არხის, პუბლიცისტურ-დოკუმენტური ფილმი „ილიას მკვლელობა“ სადაც ერთ-ერთი მკვლელის როლი შევასრულე. „რუსულ სამკუთხედში“ ჩეჩენი ვარ. რეჟისორ ლევან თუთბერიძის, ფოთში გადაღებულ  ფილმში „მოირა“ პოლიციელის როლი ვითამაშე.

პოპულარობამ სამსახიობო კარიერაზე როგორ იმოქმედა,  გაქვთ შემოთავაზებები  რეჟისორებისგან?

სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერი სასიკეთო და სასიხარულო არ ხდება. ტონი ოჩიგავათი მოიხიბლნენ ქართული თეატრები ან ფილმები ასეთი ამბავი არ ხდება.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მსახიობი?

ზუსტად ვერ ვიტყვი რატომ, რაღაც შინაგანი მოთხოვნილება იყო ალბათ.  პატარაობიდან სცენაზე ვარ და დღემდე ვაგრძელებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულად  მომწონს ის გარემოება, რომ აქ  შეგიძლია ვიღაცეებს სათქმელი ხმამაღლა უთხრა. პროტესტით, ან სიყვარულით  ვიღაცეებს რაღაც ასწავლო,  მიუთითო.

არის რომელიმე როლი, რომლის თამაშზეც ოცნებობთ?

ასეთი როლი ნამდვილად არ მაქვს, რადგან  თითქმის ყველა როლი, რომელზეც შეიძლება მსახიობმა იოცნებოს,  ვითამაშე.

რომელია  ყველაზე განსაკუთრებულად გამორჩეული თქვენთვის?

ყველა როლი განსაკუთრებულია, რადგან  თითოეულში ძალიან დიდი შრომა მაქვს  ჩადებული.  კონკრეტული პერსონაჟების შექმნის პირველივე დღიდან, მათი ცხოვრებით ვცხოვრობ და მათსავით ვფიქრობ, ვაზროვნებ. ყველა როლი ჩემშია, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ამჯერად  მუშაობთ ახალ პროექტებზე?

თეატრში ბევრი ახალი პროექტი გვაქვს. ამჟამად ვმუშაობთ,  ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნაზე“,  რეჟისორი რამაზ იოსელიანი გახლავთ, მე შოშიას ვთამაშობ. მას მაყურებელი თვის ბოლოს იხილავს. შემდეგ ველოდებით უცხოელ რეჟისორს და დიდ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, დეტალებს ჯერ ვერ გავაჟღერებ.

რა რჩევას მისცემთ დამწყებ მსახიობებს?

პირველ რიგში, თავისი საქმე უნდა უყვარდეთ და ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთონ ეს რომ დაამტკიცონ.  უნდა იყვნენ პუნქტუალურები, მობილიზებულები, დაკვირვებულები. აი მაგალითად მე მანქანა მყავს და დღემდე ვერ ვსწავლობ ტარებას, რადგან ჩვევად მაქვს იქით-აქეთ  ყურება, სულ  ვაკვირდები ხან  ადამიანებს, ხან ფრინველებს, ხან  ცხოველებს და საჭესთან გონება მეფანტება. იმდენად ჩამომიყალიბდა ეს ჩვევა, თავს ვერაფერს ვუხერხებ. დამწყები მსახიობისთვის,  ასევე  აუცილებელია ბევრი კითხვა, რაც სხვა პროფესიის ადამიანებსაც არ აწყენდათ.

მოამზადა ანა ჯახაიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...