„ძალადობას გამართლება პოლიტიკურ კონტექსტშიც არ აქვს“ – ხატია დეკანოიძე გოგი წულაიაზე პარტიების განცხადებას ემიჯნება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პოლიტიკოს გოგი წულაიაზე პარტიების განცხადებას ინდივიდუალურად ემიჯნება.

დეკანოიძის თქმით, ძალადობას გამართლება პოლიტიკურ კონტექსტშიც არ აქვს. პოლიტიკოსის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

“ეს პოზიცია დიდი ხანია მაქვს. იციან მათ შორის პარტიაშიც რომ არ მომწონს ეს განცხადება. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ეჭვი რომ არ შემაქვს, ფაქტია. ძალიან დიდი ხანია ორმაგი სტანდარტებით აპელირებს ქართული ოცნება, მათ შორის, ჯიშკარიანი რომ არ დასაჯა, ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ქალის მტკიცებულებების უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

ქალთა მიმართ ძალადობას, არანაირი გამართლება, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტში არ შეიძლება ჰქონდეს. [გავრცელებული განცხადება] მე არ მიმაჩნია სწორ ფორმულირებად”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, 23 ოპოზიციური პარტია გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში პარტიები აღნიშნავენ, რომ ეჭვქვეშ არ აყენებენ ქალის ბრალდებებს ძალადობაზე, თუმცა წულაიას პატიმრობაში დატოვება შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...