ძაღლი, ექვს თვალაუხელელ ლეკვთან ერთად, მინდორში ჯაჭვით დაბმული დატოვეს

ირლანდიაში, პატარა დასახლება ელფინის მახლობლად, შემთხვევითმა გამვლელმა, მინდორში, რკინის ღობეზე ჯაჭვით მიბმული ძაღლი და ექვსი თვალაუხელელი ლეკვი იპოვა.

უსულგულო პატრონის მიერ სასიკვდილოდ განწირული ღონემიხდილი და მშიერ-მწყურვალი, ბალახზე გვერდზე წამოწოლილი დედა ერთმანეთზე მიწყობილ ლეკვებს ძუძუს აწოვებდა.

ერთიანად გათოშილი ძაღლი და ლეკვები ირლანდიის ცხოველებისადმი გულქვა მოპყრობის თავიდან აცილების საზოგადოების (ISPCA) ნაციონალური ცენტრის ლონგფორდელ ვეტერინართან მიიყვანეს, რომელმაც მათი გასინჯვის შემდეგ დაადგინა, რომ ლეკვებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ ჰქონდათ.

ISPCA-ს მენეჯერის თქმით, 2 წლის ძაღლის საკვების, წყლის და თავშესაფრის გარეშე მინდორში ლეკვებთან ერთად დატოვება, ამ დღეებში მოსული ნალექების რაოდენობის და ცივი ამინდების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა მათ სასიკვდილოდ გამეტებას ნიშნავდა.

ძაღლს მიკროჩიპი არ აღმოაჩნდა და მისი პატრონის ვინაობის დადგენა, შესაძლოა, არ მოხერხდეს, – ამბობს მენეჯერი

ემი ლუ და მისი ლეკვები ბილი რეი, დიკსი, დოლი, დოტი, ჯუნი და პეტსი ჯერჯერობით ISPCA-ს მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

მომზადებულია პორტალ dailystar.co.uk მიხედვით.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად