ძაბირაძე: შესაძლოა 2020-ში უმცირესობის მთავრობის შექმნის საკითხი დადგეს-“ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარეშე

პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ შესაძლოა უმცირესობის მთავრობის საკითხი დადგეს, ანუ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივა, სადაც ოპოზიციური ძალები ჯამურად მოახდენენ მთავრობის ფორმირებას ამ ორი ძალის გარეშე.

ძაბირაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

“ბოკერია, როცა იწყებს სააკაშვილის კრიტიკას და დაპირისპირებას, ის ცდილობს დისტანცირებას „ნაცმოძრაობასთან“ და სწორედ ასეთი ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს. საქართველოში ისეთი ვითარება ჩანს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში უმცირესობის მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგეს. ვგულისხმობ სწორედ „ნაციონალებისა“ და ივანიშვილის გარეშე, მესამე ფრონტის მიერ შექმნილ მთავრობას, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლებათ, მაგრამ ჯამურად შესაძლოა დააყენონ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ალტერნატივის საკითხი.

აქ დადგება საკითხი იმაზე, რომელი ჯგუფი წარადგენს პრემიერს, ან წავიდნენ რიგგარეშე არჩევნებზე. ამის შესაძლებლობაც არსებობს. ამიტომ, “ევროპულ საქართველოს” სჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმები. მან იცის, რომ მანდატების რაოდენობით ამ ორ პარტიას ვერ დაეწევა, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა „ლელო“ ხაზარაძის მეთაურობით, რომელიც პრეტენზიას აცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერებზე. ამათ მობილიზებას შეეცდება. „ევროპული საქართველოც“ ცდილობს ამ სეგმენტის მიზიდვას. ანუ, მესამე ადგილისთვის რეალური ბრძოლაა ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, „ევროპულმა საქართველომ“ დღეს იქნება თუ ხვალ, ამომრჩეველი უნდა გაიმრავლოს და ეს სააკაშვილის ხარჯზე უნდა მოხდეს”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსნებთ, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა, ეს ორი პარტია ერთმანეთის მიმართ მწვავე პოლემიკაში ჩაერთვნენ. გუშინ გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები „ევროპული საქართველოა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო სააკაშვილს კარიკატურა უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად