ძაბირაძე ოპოზიციაზე: ეკონომიკური ხედვის წარმოდგენა ადვილია, რეალიზება – რთული

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმოდგენილი ხედვები სწორია, მაგრამ რთულია მისი რეალიზება – რა, როგორ, რანირად და სად უნდა გაკეთდეს.

როგორც პოლიტოლოგმა “აიპრესს” განუცხადა, ხელისუფლების არასწორ ნაბიჯს კატასტროფა მოყვება.

„ისეთი გეგმები, რომელზეც საუბარია ოპოზიციის მხრიდან, არა მარტო პარტიას, არამედ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეუძლია წარმოადგინოს. არის წარმოდგენილი მათი ხედვები, რომ უნდა შევამციროთ ხარჯები, მოვიზიდოთ კაპიტალი, ხელი შევუწყოთ იმ ბიზნესს, რომელმაც კრახი განიცადა და სოციალური დახმარება და ა. შ. ერთია ხედვა და მეორე რეალიზება. მოვიზიდოთ თანხები, ეს დღეს ასჯერ უფრო ძნელია, ვიდრე გუშინ და გუშინწინ, რადგან მთელ მსოფლიოში კრიზისია. 5 ტრილიონი გამოიყო, რომ რაღაცნაირად ფეხზე დადგეს მსოფლიო ეკონომიკა. აქედან 2 ტრილიონი მარტო ამერიკამ. ეს ადვილია სათქმელად და გასაკეთებლად რთული.

იგივე როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბიუჯეტი უნდა გადაიხედოს, ეს რომც არავის არ უნდოდეს, ისედაც გადაიხედება. იმიტომ, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდება წელს და ეს უკვე ფაქტია, რომ ჩავარდნილია და ის უნდა გადაიხედოს. სოციალური დამხარება საჭირო რომ არის ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რისი თავი გვაქვს, ეს რამდენმა იცის? როგორც კი ამის ჩაშლა ხდება, ვის რამდენი, როგორ და რანაირად, მაშინ უკვე დგება მნიშვნელოვანი პრობლემები. თუ ხელისუფლება არასწორად გადადგამს ნაბიჯებს, ამას მოყვება კატასტროფა. პირველ რიგში ქვეყნისთვის და მერე ხელისუფლებისთვის.

კი, გეთანხმებით, რომ ადამიანს დღეს სჭირდება სოციალური დახმარება და ერთი წლის შემდეგ მას ეს აღარ დასჭირდება, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემები. ხელისუფლებისთვის უკეთესი იქნება თუ ამ დახმარებებს დღესვე გასცემს, თუ ეს შესაძლებლობა აქვს და ვირუსთან დაკავშირებულ წარმატებებს სოციალურითაც გაამაგრებს, მაგრამ იძულებულია რეალობას გაუწიოს ანგარიში”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად