ძაბირაძე: კობახიძე-უსუფაშვილზე: ორივე მართალია, “გერმანული” მოდელი ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და მან დადოს დასკვნა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე იმაზე საუბრობს რაც იგულისხმება კონსტიტუციაში, ხოლო დავით უსუფაშვილი – რაც წერია. ძაბირაძის თქმით, ორივე მართალია, რადგან ჩანაწერს ერთი ერთნაირად კითხულობს მეორე მეორენაირად.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესს“ უთხრა, თუ ამ დაპირისპირებიდან გამოსვლა გვინდა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ე. წ. გერმანული მოდელი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს და მან დადოს დასკვნა – არის თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„გუშინ იყო საკმაოდ საინტერესო დებატები, ოღონდ თუ მას შევხედავთ ასეთ სტილში იყო, რომ ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა იმაზე, რა იგულისხმება იმ ჩანაწერში, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ხოლო დავით უსუფაშვილი ლაპარაკობდა იმაზე, რა წერია კონსტიტუციაში. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე მართალია. თუ ვლაპარაკობთ რა იგულისხმება, მაშინ მას სჭირდება საკონსტიტუციო შესწორებები, მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა წერია, მაშინ მას არ სჭირდება შესწორება. ამიტომ ეს საკითხი მუდმივად იქნება დავის საკითხი“, – ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, მკაფიო ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში? – პასუხობს:

„არის ის, რაც არის. ამ ჩანაწერს ერთი ერთნაირად კითხულობს, მეორე მეორენაირად. საჭიროა მესამე, რომელიც ამას შეაფასებს და რომელსაც აღიარებს ორივე მხარე. ასეთი არის ვენეციის კომისია. ამიტომ ამაზე დავა რომ დამთავრდეს, ყველაზე მარტივია, რომ გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას ის მოდელი, რომელზეც არის ლაპარაკი და მან დადოს თავისი დასკვნა, არის ეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში თუ არა. თუ გვინდა, რომ ამ დაპირისპირებიდან გამოსვლა გვინდა, მაშინ ეს არის გამოსავალი“, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიცია ხელისუფლებას ე. წ. გერმანული მოდელის შემოღებას სთავაზობს, რაც ოპოზიციის თქმით, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს. ოპოზიციის მტკიცებით, ამ მოდელის მისაღებად საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო არ არის და საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა საკმარისია, რისთვისაც 76 ხმაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილება და ამისთვის 113 ხმაა საჭირო, რის მობილიზებასაც ვერ ახდენენ, ამიტომ 2020 წლის არჩევნებსაც შერეული სისტემით აპირებენ, რაც ოპოზიციის თქმით არასამართლიანი საარჩევნო სისტემაა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად