ძაბირაძე: ხალხში არაა ისეთი განწყობა, რომ არჩევნებისა და სასამართლოს საკითხებმა საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ არჩევნებისა და სასამართლოს საკითხებმა საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს.

როგორც პოლიტოლოგმა “აიპრესს” განუცხადა, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება იმ საკითხებზე არ რეაგირებს, რომელზეც უნდა რეაგირებდეს. მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით,წესით  უკვე ყოველდღიური აქციები უნდა იმართებოდეს.

„რაც თავი მახსოვს და რაც დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პოლიტიკური პროცესები, ერთადერთხელ იყო, როდესაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდა. ეს იყო 1990 წელს და მაშინაც მთლად გარკვეულად არა. მაშინაც არ იყო დიდი საპროტესტო ტალღა, მაგრამ მაინც საპროტესტო ტალღა აგორდა.

ყოველთვის იდგა დღის წესრიგში საარჩევნო საკითხი, მაგრამ ამას მასობრივი პროტესტი რომ მოჰყოლოდა, ეგეთი არ მახსენდება. მეეჭვება, რომ ეს გამოვიდეს. ცხადია 1-2 დღით რუსთაველის გადაკეტვას არ ვგულისხმობ. თუმცა, ისიც საკიტხავია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამის მობილიზებას“, – ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, თუ უნდათ საპროტესტო ტალღის აგორება, მაშინ სხვა საკითხები უნდა მიაბან, მაგალითად სასამართლოს თემა? – ამ შემთხვევაში საპროტესტო ტალღის აგორება შესაძლებელია?

„არ არის საზოგადოებაში ისეთი საპროტესტო განწყობა, რომ ამას სერიოზული აქციები მოყვეს. სამწუხაროდ ჩვენ ასეთი რეალობა გვაქვს, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებითაც. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება იმ საკითხებზე არ რეაგირებს, რომელზეც უნდა რეაგირებდეს. თორემ, სასამართლოსთან დაკავშირებით, უკვე ყოველდღიური აქციები უნდა იმართებოდეს, მაგრამ არ არის.

რატომღაც ჩვენი საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს არის ვიღაცების საქმე. საარჩევნო საკითხებს პოლიტიკოსების საქმედ მიიჩნევენ, იმათ საქმედ მიიჩნევენ, ვისაც დეპუტატობა უნდა. ასეთი განწყობებია და არ ველოდები დიდ საპროტესტო აქციებს. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ამ სესიაზე ეს კანონპროექტი არ ჩავარდება. ჩავარდნა თუ იქნება, ამას უნდა ველოდოთ გაზაფხულზე“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად