ძაბირაძე: “ევროსაქართველო” 2018-ში შეცდა, ბოკერიას განცხადებები იმის დამტკიცების მცდელობაა, რომ ენმ-ს არ გვანან

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ევროპულმა საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეცდომა დაუშვა, როდესაც ფაქტობრივად გაუერთიანდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა კი მათგან წასული ამომრჩევლის დაბრუნებას ცდილობენ.

როგორც ძაბირაძემ „აიპრესს“ უთხრა, ბოკერიას განცხადებები იმით აიხსნება, რომ ცდილობენ დაფიქსირდნენ, როგორც დამოუკიდებელი პარტია და ამომრჩევლისთვის გზავნილია, რომ მათი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰგავს.

„ევროპულმა საქართველომ“ შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტობრივად ისევ გაუერთიანდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამომრჩევლის ნაწილი, მაშინ ისევ წავიდა „ნაცმოძრაობისკენ“ და ახლა ცდილობს, რომ არა მარტო ამომრჩეველი დაიბრუნოს, არამედ დაამტკიცოს, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით ძველი ამომრჩევლის დაბრუნების გარდა ოპოზიციურ ფლანგზე ის ამომრჩეველიც დაიმატოს, რომელიც „ნაცმოძრაობისკენ“ არ წავიდოდა, თუმცა არც ივანიშვილი მოსწონს მაინცდამაინც.

დიახ, ბოკერიას განცხადებები არის იმის მცდელობა, რომ ისევ და ისევ დაფიქსირდნენ, როგორც დამოუკიდებელი პარტია, რომელიც არ ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობას“. არის ამომრჩეველი, რომელიც არ წავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს გამოწვეულია სააკაშვილის ფაქტორით, რომელსაც სააკაშვილის მიმართ აქვს გარკვეული შიში თუ აურა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსნებთ, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა, ეს ორი პარტია ერთმანეთის მიმართ მწვავე პოლემიკაში ჩაერთვნენ. გუშინ გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები „ევროპული საქართველოა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო სააკაშვილს კარიკატურა უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად