ძაბირაძე: არა მგონია “ევროსაქართველოს” და “ნაცმოძრაობის” დაპირისპირებით მოგებული ივანიშვილი დარჩეს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ის ამომრჩეველია, რომელიც ივანიშვილისკენ არც ახლა არ გაიხედავს და არც არასდროს“, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იმაზე, რომ ამ ორი პარტიის დაპირისპირება ნებსით თუ უნებლიედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს.

პოლიტოლოგის აზრით, ეს ორი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველობისთვის იბრძვიან და იმისათვის, რომ ხმები ერთმანეთს წაართვან

„ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, სანამ გაიყოფოდნენ. პარტიის გაყოფის შემდეგ ეს ამომრჩეველიც გაიყო. ახლა უბარიერო არჩევნები რომ იყოს მოსალოდნელი, შესაძლოა ეს დაპირისპირება აქამდე არც მისულიყო. მაგრამ ახლა რეალურად მიდის მუშაობა ამომრჩევლის მოზიდვაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დაიბრუნოს „ევროპულ საქათველოს“ გაყოლილი ამომრჩეველი, იგივეს ცდილობს „ევროპული საქართველოც“, რომ „ნაცმოძრაობას“ წააართვას ხმები.

მოგეხსენებათ, რომ ახლა ვითარება ასეთია, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია ახდენს მთავრობის ფორმირებას, ყოველ შემთხვევაში მას აქვს ამის უფლება. ამიტომ, ორივე ეს პარტია იბრძვის იმისათვის, რომ ეს ხმები ერთმა როგორმე დაიბრუნოს და მეორემ წაართვას. რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა ამით ივანიშვილი მოგებული? არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. იმიტომ, რომ ეს ამომრჩეველი ივანიშვილისკენ არც არასდროს იხედებოდა და არც გაიხედავს. რაც შეეხება იმას, რამდენად პერსპექტიულია ეს, დაპირისპირების საბაბი უფრო მეტად არის ხოლმე სააკაშვილის განცხადებები, ვიდრე „ევროპული საქართველო“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსნებთ, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა, ეს ორი პარტია ერთმანეთის მიმართ მწვავე პოლემიკაში ჩაერთვნენ. გუშინ გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები „ევროპული საქართველოა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო სააკაშვილს კარიკატურა უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად