DW: რატომ აკრიტიკებენ გერმანელი სექს-მუშაკები კანონს, რომელიც იცავს მათ უფლებებს?

გერმანიაში ბევრი მეძავი მიიჩნევს, რომ 2017 წლიდან მოქმედი სექს-მუშაკების უფლებების დაცვის კანონი დისკრიმინაციულია და ზრდის რისკებს. DW ერთ-ერთი გოგოს ისტორიის შესახებ წერს.

ოლივია ბერლინში სექს ინდუსტრიაში თითქმის ათი წელია მუშაობს. რაც შეეხება მისი საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებას, ის პრაგმატიზმის დემონსტრირებას ახდენს: “ტყუილად არ ამბობენ, რომ ეს ყველაზე ძველი პროფესიაა მსოფლიოში. ხალხი ყოველთვის იპოვის შესაძლებლობას, სექს-მომსახურება მიიღოს”.

პროსტიტუცია არ იყო მის გეგმებში. გოგონა გერმანიის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქიდან, იმ იმედით, რომ დაიწყებდა საინტერესო ცხოვრებას. ის სექსინდუსტრიაში მეგობრის რეკომენდაციით მოხვდა. ახლა ოლივია თითქმის 30 წლისაა და ის უკვე მუშაობდა სექსუალური სერვისების თითქმის ყველა სფეროში: ძვირადღირებული ესკორტის სერვისი, ეროტიული მასაჟის სალონი, ბორდელი და სხვა.

“თითოეული პროფესია ქმნის განსხვავებულ შემოსავალს და აქვს უსაფრთხოების განსხვავებული დონე”, – განმარტავს ოლივია. ის რეგულარულად ურთიერთობს თავისი პროფესიის სხვა წევრებთან, მათ შორის ამერიკის სექს-მუშაკთა კოლექტივის წევრებთან და არის სექს-მუშაკთა კავშირის წევრი. ამავდროულად, ოლივია ერთ-ერთია იმ ასიათასობით მეძავიდან გერმანიაში, რომლებიც პოლიციის მიერ დევნის რისკის ქვეშ არიან.

როდესაც ის ახალი იყო თავის ბიზნესში, გერმანიაში სექს-მუშაკების უფლებები უკვე საკმაოდ კარგად იყო დაცული. ქვეყანაში 2002 წლიდან მოქმედი ე.წ “პროსტიტუციის შესახებ კანონით” დაკანონდა ამ ტიპის საქმიანობა და შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის დაზღვევა და უმუშევრობისგან დაზღვევა. თუმცა, ზოგიერთმა კანონმდებელმა მიიჩნია, რომ კანონი ძალიან გამარტივებულია. “ჩვენს ქვეყანაში სასადილოს გახსნა უფრო რთულია, ვიდრე ბორდელის”, – განუცხადა მაშინდელი ოჯახის საქმეთა მინისტრმა Die Zeit-ს 2014 წელს.

2017 წლის 1 ივლისს გერმანიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითხოვს ყველა სექს-მუშაკისგან, რომ მათ ოფიციალურად დაარეგისტრირონ თავიანთი საქმიანობა, მიაწოდონ ხელისუფლებას მათი ნამდვილი ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე გაიარონ რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები. გარდა ამისა, კანონი სექს-მუშაკების დაცვის შესახებ მოითხოვს პრეზერვატივის გამოყენებას, ხოლო ბორდელის მფლობელებმა უნდა მიიღონ სპეციალური ნებართვა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს გერმანიაში კანონის ფარგლებში 40 000 ადამიანი დარეგისტრირდა სექსინდუსტრიაში. თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი ქვეყანაში 400 000-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ გერმანიაში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების 90%, ფაქტობრივად, ამას კანონის დარღვევით საქმიანობს.

აღნიშნული კანონი 2017 წელს მიიღეს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ადამიანებით ვაჭრობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური მონობის აღკვეთის მიზნით. მაგრამ თავად სექსმუშაკები ამბობენ, რომ პირიქით, მან ისინი უფრო დაუცველი გახადა. ბოლოს და ბოლოს, მეძავები, რომლებიც უარს ამბობენ რეგისტრაციაზე (პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შიშით ან გერმანიაში მუდმივი მისამართის ან იურიდიული სტატუსის არარსებობის გამო) არღვევენ კანონს.

“სექსის ინდუსტრია გერმანიაში ჯერ კიდევ ტაბუდადებული სფეროა. ეს ნიშნავს, რომ ბევრს უბრალოდ არ შეუძლია ყველაფრის თქმა საკუთარ თავზე, რადგან იცის, რომ ეს მონაცემები სადღაც დოკუმენტირებულია”, – განმარტავს რუბი რებელდე, ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაცია Hydra-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც 40 წლის განმავლობაში უწევდა იურიდიულ დახმარებას და რჩევებს სექსმუშაკ ქალებს.

გერმანიაში პროსტიტუციით დაკავებული ბევრი უცხოელია და რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ფორმალობა შეიძლება მათთვის სერიოზული დაბრკოლება გახდეს. “ასეთ პირობებში, ვინც გერმანიაში ჩადის და პროსტიტუციის სფეროში ხვდება, არსებული სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვილად აღმოჩნდება კანონის მიღმა”, – ხაზს უსვამს რებელდე. ის იხსენებს, რომ პანდემიის დროს რეგისტრაციის არარსებობა გერმანიაში ბევრ მეძავს არ აძლევდა საშუალებას სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება მიეღო.

გერმანიაში სექსმუშაკებს არ შეუძლიათ ერთად იცხოვრონ და იმუშაონ თავიანთი ბინის ბორდელად რეგისტრაციის გარეშე. მაგრამ ჯგუფებს უადვილდებათ წინააღმდეგობა გაუწიონ ძალადობას ან არაკეთილსინდისიერი კლიენტების მხრიდან შანტაჟის მცდელობებს.

ბერლინელი სექს-მუშაკი ოლივია DW-სთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კანონი მიიღეს 2017 წელს, მას უფრო მეტი შანტაჟისა და არასათანადო მოპყრობის მცდელობების გადატანა მოუხდა, ვიდრე ადრე. რუბი რებელდე ასევე თვლის, რომ ჯგუფში მუშაობა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მარტო მუშაობა: “ბოლოს და ბოლოს, ასე შეგიძლიათ ერთმანეთის მოვლა და გამოცდილების გაზიარება”.

თავის მხრივ, კანონის მომხრეები აღნიშნავენ, რომ მათ ყურადღება გაამახვილეს სექს-მუშაკების უფლებებზე. “დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ღიად იმუშაოთ, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას”, – განმარტავს ენ-კატრინ ბიევნერი, ბერლინის საქალაქო პარლამენტის სოციალური, ჯანმრთელობისა და შრომის კომიტეტის სპიკერი.

“ლოქდაუნის” დროს გერმანიაში ბორდელები იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ მუშაობა. ამავდროულად, ბევრი კანონმდებელი, მათ შორის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტიიდან, აქტიურად მოუწოდებდა მეძავებს გადასულიყვნენ სექსის სერვისების ე.წ. “შვედურ მოდელზე”, რომელშიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს კლიენტს და მფლობელს. ოლივიას თქმით, ასეთ მოდელს გერმანიაში მომავალი არ აქვს. მისი დანერგვის შემთხვევაში, სექს-ინდუსტრია იძულებული გახდება მიწისქვეშეთში წავიდეს და ამ ფონზე ძალადობასა და ადამიანების კონტრაბანდასთან დაკავშირებული დანაშაულების რიცხვი გაიზრდება.

მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის გერმანია მზად იქნება, შეაფასოს კანონის ეფექტურობა სექს-მუშაკების დაცვის შესახებ. ამ თემაზე შუალედური ანგარიში ჯერჯერობით მხოლოდ 2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კანონი დაეხმარა სიტუაციის გაუმჯობესებას რომელიმე სფეროში, მაგალითად, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. aმავდროულად, ზოგიერთმა ფედერალურმა შტატმა, კერძოდ კი ბრემენმა, უკვე მოამზადა კანონის გამოყენების ეფექტურობის საკუთარი ანალიზი. ამ დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, ბევრი მეძავი აკრიტიკებს კანონს, რომ არ აკმაყოფილებს მათ ნამდვილ საჭიროებებს.

თავის მხრივ, რუბი რებელდე ხაზს უსვამს, რომ ამ სფეროში შემდგომი საკანონმდებლო მუშაობისთვის აუცილებელია თავად მეძავების აზრის გათვალისწინება. “სექს-მუშაკებზე საუბარი არასწორია მათთან საუბრის გარეშე”, – თქვა მან.

კომენტარები
იტვირთება...