დუბლინში თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო სადილი გაიმართა

13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დუბლინში საქველმოქმედო გალა სადილი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქველმოქმედო სადილზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

"თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით მივიღეთ მხარდაჭერისა და თანაგრძნობის არაერთი გზავნილი როგორც ირლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, რიგითი ირლანდიელებისაგან. 28 ივნისს, დუბლინის ქართულ ეკლესიაში, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღვთო ლიტურგიას ირლანდიის პრეზიდენტი დაესწრო, ახლა კი ირლანდიელების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო სადილი წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

სასიხარულოა, რომ საქართველო-ირლანდიის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პარალელურად, ირლანდიელი ხალხი გამოხატავს ასეთ გულისხმიერებასა და თანადგომას ქართველი ხალხის მიმართ. ეს ყოველივე ქმნის ორ ქვეყანას შორის პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მყარ საფუძველს" – განაცხადა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.

საქველმოქმედო სადილზე შეგროვებული თანხა სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად