დონალდ ტრამპი: სულეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღდადში ლიკვიდირებული ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი, ოთხ ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა საფრთხეები იყო, რის გამოც სულეიმანის ლიკვიდაცია გადაწყდა, ტრამპმა უპასუხა, რომ „სავარაუდოდ, თავდასხმის მიზანი ამერიკული დიპლომატიური მისიის ოთხი ობიექტი იყო.“

„შემიძლია ვთქვა, რომ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი ნამდვილად იყო ბაღდადში არსებული აშშ-ის საელჩო“, – განაცხადა ტრამპმა.

აქამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ კასემ სულეიმანი აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში მდებარე საელჩო იგულისხმებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოგვიანებით განაცხადა, რომ სულეიმანი მართლაც გეგმავდა ამერიკელებზე თავდასხმას.

ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია, ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მოხდა. სულეიმანის ლიკვიდაციას კი ირანმა, თავის მხრივ, ერაყში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ, სარაკეტო დარტყმების შედეგად ამერიკელებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად