დონალდ ტრამპი: აშშ-სა და იაპონიის ალიანსი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ახალი გამოწვევები შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას მოითხოვს.

“იმის გამო, რომ უსაფრთხოების გარემო იცვლება და ახალი გამოწვევებია, აუცილებელია ჩვენი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს”, – განაცხადა ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში იაპონიის კონტრიბუცია უსაფრთხოებაში “გაიზრდება და კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება”.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ ხელშეკრულებას ”ურღვევი” საყრდენი უწოდა, ”რომელიც აზიის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის გარანტიას უზრუნველყოფს, ასევე კეთილდღეობას”, – ციტირებს სააგენტო Kyodo მის სიტყვებს.

აბემ დასძინა, რომ ალიანსი კიდევ უფრო მდგრადი უნდა გახდეს იმისთვის, რომ “დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა”.

გასული წლის ივნისში, დონალდ ტრამპმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 1960 წლის ხელშეკრულება, რომელიც  იაპონიის თავდაცვის პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს, ”უსამართლო” იყო და ის უნდა შესწორებულიყო.

ხელშეკრულება ავალდებულებს შეერთებულ შტატებს, დაიცვან იაპონია, რომელსაც, კონსტიტუციით, ომის დაწყების უფლება არ აქვს. თავის მხრივ, იაპონია აშშ-ს სამხედრო ბაზების გამოყენებით უზრუნველყოფს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 1960 წლის 19 იანვარს, ვაშინგტონში გაფორმდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად