დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ წლის ბოლოს ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა რიკ პერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ტეხასის შტატში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რიკ პერიმ მას თანამდებობის დატოვების შესახებ ექვსი თვის წინ აცნობა.

”ის სხვა რაღაცის გაკეთებას გეგმავს. შესანიშნავი ბიჭია”, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, რიკ პერის შემცვლელი უკვე არჩეულია, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტმა მისი ვინაობა არ დაასახელა.

ადრე, მედიაში რიკ პერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არაერთხელ დაიწერა.

რიკ პერი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან აქტიურ კავშირშია. დემოკრატიული პარტიიდან კონგრესმენები ამჟამად ამ კონტაქტებს სწავლობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. დემოკრატების თქმით, პრეზიდენტს კიევზე ზეწოლის მცდელობით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად