დონაძე: ეს პროექტი მისი შემოქმედების გვირგვინია,მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი პროექტი მის შემოქმედებაში არის “მართვე”-ს შექმნა

ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების გვირგვინი -ასე შეაფასა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა და ანსამბლ “ბასიანის” დამაარსებელმა გიორგი დონაძემ სამეცნიერო გამოცემა “საქართველო ისტორია , კულტურა, ეთნოგრაფია”. ნაშრომზე მუშაობა 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა და მისი პრეზენტაცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

“ბედნიერი ვარ ,რომ წილად მხვდა გავძღოლოდი დღევანდელ პრეზენტაციას. წარმოგიდგენთ სამტომეულს “საქართველო ,ისტორია,კულტურა,ეთნოგრაფია”, ეს არის უნიკალური,შეიძლება ითქვას საუკუნის ნაშრომი. იდეის ავტორი, სულისჩამდგმელი,პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ყველასთვის საყვარელი ქართველი,დიდი ქართველი,ჩემი მასწავლებელი,ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ყველამ კარგად იცით,რომ ეს არ არის მისი პირველი,მეორე ,ან მესამე ნაშრომი. ქართული ტრადიციული კულტურის შესახებ მას აქვს უამრავი ნაშრომი და ეს ,როგორც თვითონ ამბობს და მეც ვეთანხმები, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია და გვირგვინი მისი შემოქმედების. თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი პროექტი მის შემოქმედებაში არის “მართვეს” შექმნა.

1978 წელს,მე რომ დავიბადე,მაშინ შექმნა ბატონმა ანზორმა ანსამბლი “მართვე” და “მართვემ” გადაარჩინა ქართული სიმღერა გაქრობას და დავიწყებას. ის ძველი ჩანაწერები,რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა არქივებიდან,ლონდონის და მოსკოვის არქივებიდან ჩამოიტანა,მოახერხა და შეკრიბა სრულიად მარტომ. შემდეგ იყო ანსამბლი “რუსთავი” და უამრავი სხვა პროექტი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამ პროექტისთვის და ნდობისთვის, რომელიც ჩემს და ჩემი მეგობრების მიმართ გამოხატა, დაგვიდგა გვერდში და დაგ აყენა ამ გზაზე,რასაც ქართული ტრადიციული კულტურის თანადგომა და მხარდაჭერა ჰქვია. ” განაცხადა გიორგი დონაძემ . ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ფონდ “ქართუს” მიერ ქართული კულტურის მხარდაჭერაზე ისაუბრა. სწორედ “ქართუს” მხარდაჭერით გამოიცა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი,რომელიც ინგლისურენოვანია და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.

“მე კარგად მახსოვს, დაახლოებით 20 წლის წინ,როდესაც ჩვენ “მართვეს” პერიოდი დავამთავრეთ, დავამთავრეთ ბავშვთა გუნდში სიმღერა და გვსურდა ანსამბლები შეგვექმნა. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი ქართული კულტურისთვის. მაშინ ლეგენდარული ანსამბლები “ქართული ხმები”, ანსამბლი “რუსთავი” ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და კარგად მახსოვს საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მაშინდელი მხარდაჭერა და თანადგომა. მე, როგორც მუსიკოსი და ლოტბარი ჩემი მხრით ვიტყვი და სხვაზე აღარ შევჩერდები, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ მხარდაჭერას, არა მარტო იმ ანსამბლებისთვის და მათი წევრებისთვის, არამედ ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის, ეს იყო ჩვენი დახმარებაც. დავინახეთ,რომ ქართულ ხალხური სიმღერის ანსამბლებს ჰყავს პატრონი და მხარდამჭერი და ზუსტად იმ პერიოდში 4,თუ 5 ანსამბლი შექმნეს ახალგაზრდებმა. დღეს თბილისში 30-მდე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლია . ეს არის ბატონი ანზორის, ეს არის “მართვეს” დამსახურება. ეს არის ფონდ “ქართუს” დიდი წვლილი და არ შემეძლო რომ ეს არ მეთქვა.

აქვე არ შეიძლება არ ითქვას იმის შესახებ,რაც ბოლო 8 წლის მანძილზე გაკეთდა ქართულ ფოლკლორში. შეიქმნა 28 სალოტბარო სკოლა. ესეც ბატონი ანზორის იდეა იყო,რომ ჩვენ გავშლილიყავით რეგიონებში და უკვე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გაგვეხსნა სკოლები,სადაც ბავშვები სიმღერას და გალობას შეისწავლიდნენ. ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს უკვე 1000-მდე ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ სწავლობს ჩვენს სკოლებში. და ბოლოს, არ შეიძლება ,რომ დღეს არ ვახსენოთ საქველმოქმედო ფონდი “ქართული გალობა”,რომლის წარმომადგენლებიც და დამფუძნებლებიც იმყოფებიან აქ, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და ქალბატონი ნანა გოთუა. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი,რაც კი განხორციელდა ბოლო პერიოდში , განხორციელდა ამ ფონდის მხარდაჭერით და მონაწილეობით და რომ არა ეს ფონდი შესაძლებელია ბევრი რამ შეფერხებულიყო და გადადებულიყო.” განაცხადა გიორგი დონაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად