დოლიძე:სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა დაინგრევა,ან ახალი თავმჯდომარე კლანიდან გავა

"ნინო გვენეტაძე არ იყო სასამართლო სისტემის ლიდერი, ეს ყველამ ვიცით. ის შეუშვეს, შევიდა იქ, მაგრამ ლიდერი ვერ გახდა. ეს თავისი ბრალი იყო თუ არ ჰქონდა მხარდაჭერა და ა.შ. ათასი ფაქტორია, მაგრამ არ იყო. სისტემას ჰყავს არაფორმალური ლიდერები თავის შიგნით, რომელიც იმართება კლანის მიერ. ძირითადი პროცესები იმართებოდა ნინოს [გვენეტაძის] და ამ კლანის ჩხუბით, ურთიერთდამორჩილებით და ა. შ." – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "პირველებში" განაცხადა.

დოლიძე უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარის არჩევის პროცესში სამ სცენარს განიხილავს. მათ შორის განიხილავს იმასაც, რომ ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური ზურგით იქნება გამაგრებული, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას დაანგრევს. დოლიძე განიხილავს უფრო მძიმე ვარიანტსაც, კერძოდ იმას, რომ კანდიდატურა სწორედ ამ კლანიდან იქნება.

"რა მოხდება ჩემი აზრით? ახალი თავმჯდომარე იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება პოლიტიკური ზურგი რომ დაანგრიოს ეს დაჯგუფება და რეალური რეფორმა დაიწყოს. ჩემი აზრით, ახლა ამ დაჯგუფებას აქვს დიდი სავაჭრო ძალა. იმ ჯგუფში, სადაც ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე იმისთვის, რომ ჩავდოთ რაღაც მძიმე კანონში, რომელიც ეხება მოსამართლეებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკითხება ბატონ ლევან მურუსიძეს ხოლმე. რომელიც ამ მოსამართლეების ლიდერია. მაგალითად, "შემოიჭერთ ქამრებს"? რომელი ჯგუფი იტყვის, რომ შემოიჭერს ქამრებს?! სად გინახიათ რეფორმა, რომელიც ასე წარიმართება. ეს არის ჩემთვის საინტერესო სურათი დასკვირვებლად. ვინ ვის კარნახობს პირობებს ვის? ეს კითხვა დასასმელია. 

ერთი სცენარია, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდება და შეუშვებს პოლიტიკური ზურგით რომ ეს დაანგრიოს. მეორე, არ დაანგრიოს, მაგრამ დაიმორჩილოს, ანუ დასვას თავის ადგილას, ამუშაოს. არა ისე როგორც ნინო გვენეტაძე იყო, როგორც ყველა წერტილზე უწევდა კამათი და ჩხუბი. არამედ ისეთ მწყობრში მოიყვანს, რომ ეს სისტემა დაემორჩილება მას თავიდან ბოლომდე, ვერტიკალურად. მესამე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვიხილავთ კლანის კანდიდატურას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართლა გველოდება სხვა ტიპის სახელმწიფო და მოვლენების განვითარება", – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად