დოლიძე: სუფრაზე ხაშლამას რომ ჩამოატარებენ, სანამ ცხელია გავატაროთო, ისე დაასახელეს უზენაესის 10 კანდიდატის გვარი

“ეს უკვე მოხდა. ეს არის ამ ჯგუფის პასუხისმგებლობა და “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაც, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, თავის თეა წულუკიანად”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რაც უკვე მოხდა, ეს სრულიად სასირცხვილოა, ეს იცით როგორი ფორმაა? სუფრაზე ხაშლამას რომ ჩამოატარებენ, ჩქარა, ცხელია და ჩქარა გავატაროთო, აი ასე ჩამოატარეს უზენაესი სასამართლოს 10 კანდიდატის გვარი. რომელ ქვეყანას უნდა შევადარო, რომ ასე წარადგინოს კონსტიტუციურმა ორგანომ უზენაესის წევრები.

ეს უკვე მოხდა. ეს არის ამ ჯგუფის პასუხისმგებლობა და “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაც, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, თავის თეა წულუკიანად. ახლა მეორე, რა თქმა უნდა დამოკლეს მახვილი კიდია “ქართული ოცნების” თავზე, რომელმაც ეს საკითხი უნდა განიხილოს. მე მოვუწოდებ, თუ დარჩა გონიერი, ნამუსიანი, საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე მოფიქრალი ადამიანი “ქართულ ოცნებაში” და რა თქმა უნდა ოპოზიციაში, რომელმაც უნდა იაქტიუროს ამ განხილვებში. როდის ხდება ეს, ახალი წლის წინ, გოზინაყია ეს თუ ჩურჩხელაა, რომ სუფრაზე დადო. სასირცხვილო ნაბიჯი იყო ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად