დოლიძე: ამხანაგური სასასამართლოს მოწყობის ეს მცდელობა ადასტურებს, რომ სასამართლოს სწრაფი ცვლილებები სჭირდება!

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

“დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის ხარჯზე, აქ ჩამოეყვანათ მოსამართლეების სხვადასხვა რეგიონებიდან და  მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემზე და ნაზი ჯანეზაშვილზე, ვიდრე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პირველ რიგში პარლამენტისკენ. ამ ამხანაგური სასამართლოს მოწყობის ეს მცდელობა საბჭოს მხრიდან ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თამარ ონიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლეებს თხოვნით მიმართა, “რადგან იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა თქვენს კითხვებს არ უპასუხეს, არც თქვენ უპასუხოთ მათ კითხვებს, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგისვამენ”.

ცნობისთვის, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...