“დინების წინააღმდეგ მიხდებოდა სვლა და წამოვედი” – ინტერვიუ სოზარ სუბართან

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და ამჟამად ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "აიპრესთან" ინტერვიუში მის წარსულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის პერიოდში ის იხსენებს: "რეფორმები, რომლებსაც ვატარებდით, იყო სხვა, დინების წინააღმდეგ… ასე არ გამოვიდოდა საქმე, ამიტომაც, მიმაჩნდა, რომ მე იქ დავამთავრე და სხვა ადამიანი უნდა მოსულიყო".

ბატონო სოზარ, 2015 წლისთვის რამდენ დევნილს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი?

22 წელი გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან, 25 წლის დევნილები არიან ცხინვალიდან, დღემდე 2/3 არის დასაკმაყოფილებელი, მხოლოდ 1/3 მიიღო ფართები. ეს არის უმთავრესი პრობლემა და გამოწვევა. ასეთი ტემპებით რომ გაგრძელდეს, კიდევ 50 წელი უნდა ველოდოთ, რომ ყველა დევნილმა მიიღოს ბინა. ცხადია, ამ ტემპებით გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ერთის მხრივ ვახორციელებთ დევნილებისთვის იმ სახლების გამოსყიდვას, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მაგრამ ჰყავთ კერძო მესაკუთრეები.  შარშან უკვე რამდენიმე, 20 წლის განმავლობაში რომ პრობლემური შენობა იყო გამოვისყიდეთ და დავუკანონეთ. დაკანონება იმ ფართების, რომლებიც სახერლმწიფო კუთვნილებაშია და სადაც დევნილები ცხოვრობენ,  შარშან ნოემბერში დავიწყეთ. წელს, პირველ სექტემბრამდე, 10 000 დევნილს დაუკანონდება ფართი. ამ დაკანონებაში შედის ძირითადი ნაწილი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, კერძო ნაწილისგან გამოსასყიდი ქონება და მესამე არის მშენებლობები, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება.

წელს ვიწყებთ მშენებლობას, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, შეიძლება დავიწყოთ ბორჯომში, წყალტუბოში. მეოთხე მიმართულება არის რეაბილიტაცია იმ შენობების, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია და გადმოცემას ვითხოვთ – მაგალითად ბორჯომში ყოფილი საავადმყოფოს შენობა, სადაც 100-ზე მეტი დევნილი მიიღებს ხარისხიან საცხოვრებელს. კიდევ ერთი მიმართულება არის თბილისში, ეს არის თბილისში მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვა, თბილისში წავედით არა ახალი ბინების მშენებლობის გზით, არამედ მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვის გზით, ეს არის ცალკეულ კორპუსებში ბინების გამოსყიდვა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი შერეულად იცხოვრებენ სხვა მოქალაქეებთან ერთად. ამით, ერთგვარად დევნილის სტიგმა იხსნება, ადვილად მოხდება მათი ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. მეორეს მხრივ, ხელს ვუწყობთ სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ლაპარაკია ზოგჯერ გაჩერებულ მშენებლობებზე, სადაც საჭიროა პატარა ბიძგი, რომ მშენებლობა გაგრძელდეს.  სახელმწიფო მზადაა იყიდოს ერთბაშად ბევრი ბინა, თვითღირებულებაშიც კი მოგვყიდონ და სამაგიეროდ, ტემპი დააჩქარონ და მიიღონ უკვე კერძო შემსყიდველებისგან. 

კიდევ ერთი მიმართულება არის თბილისის ზღვაზე მშენებარე კორპუსების გამოსყიდვა „ჰუალინგ ჯგუფისგან“, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის რაც კეთდება. იქ ხელშეკრულება უკვე დადებული გვაქვს 9 კორპუსის გამოსყიდვაზე, 598 ბინა, აქედან 298 ბინა გვბარდება წელს, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ სექტემბერში. დანარჩენი 300 მომდევნო წლის დასაწყისში, ამითაც არ მთავრდება მოლაპარაკება და სავარაუდოდ კიდევ გარკვეული რაოდენობის ბინებს შევისყიდით.

კიდევ ერთი პროექტია – სოფლებში სახლების შესყიდვა დევნილებისთვის.   ამ პროექტის პლიუსი არის, რომ დევნილი თვითონ პოულობს სახლს, რომელიც სურს, თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებებს მესაკუთრესთან, შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის შემდეგ, თუ შენობა მყარია და ნამდვილად ეს ფასი ღირს, ჩვენ ვყიდულობთ ამ ბინას. თუ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასზე მეტია, დევნილს შეუძლია დაამატოს თანხა.  იყო შემთხვევა, როცა დასავლეთ საქართველოში შევისყიდეთ სახლი 8 ჰექტარი მიწით, აქედან 2.5 ჰექტარზე გაშენებული იყო ციტრუსი. ახლა მოლაპარაკება მიდის სახლზე, რომელსაც 20-მდე ძროხა ახლავს თან, რომ შევადაროთ ახალი სახლის მშენებლობას, მიზერული თანხა ჯდება და სამაგიეროდ ადამიანებს უჩნდებათ შემოსავალი და ის აღარ არის სახელმწიფოს ხელის შემყურე, როდის გაზრდის შემწეობას და ა.შ.

რა პრინციპით შეარჩევთ დევნილებს, რომლებიც ოლიმპიურ დასახლებაში მიიღებენ ბინებს?

ეს არის მათი ინვესტიცია, რომელიც მათ შეუძლიათ გაყიდონ, ეს არის ხარისხიანი, ირგვლივ დასაქმების ძალიან დიდი შესაძლებლობები, შენდება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, შენდება სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დასაქმდნენ, ანუ მარტო ბინასმარტო არ მიიღებენ, პლუს დასაქმდებიან.

ეს არის 2 პრინციპი, თუ დევნილები ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებაში, რომელიც არის ნგრევადი ობიექტი და ამაზე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. ამ შემთხვევაში ისინი გამოგვყავს მთლიანად, ანუ ლაპარაკია შენობებზე, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს. მეორე, დანარჩენ მოქალაქეებში, დანარჩენ დევნილებში ხდება შერჩევა გარკვეული კოეფიცენტების, კრიტერიუმების მიხედვით. დევნილი, რომელსაც უნდა ბინის მიღება, წერს განცხადებას, რომ არის სოციალურად დაუცველი, ოჯახში ცხოვრობს ქირით ან არ აქვს საცხოვრებელი სახლი, ოჯახს ჰყავს 3 ან მეტი მცირეწლოვანი ბავშვი, ოჯახში არის შშმ პირი ან ფსიქიკური დაავადების მქონე პირი, ან უმძიმესი დაავადების მქონე საბუთით. ვთქვათ არის ომის მონაწილე, ამ ყველაფერზე დაჯამებით, ვინც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს, ის კმაყოფილდება პირველ რიგში. შემდეგ შემდგომი ეტაპი, სანამ არ ჩამოვა 0 ქულამდე. 0 ქულის მქონე არის პირი, რომელსაც არ მიუღია სახელმწიფოსგან ფართი, ეკუთვნის ბინა, მაგრამ მას არ აქვს არაფერი განსაკუთრებული დამამძიებელი, ის არ არის სოციალურად დაუცველი, მას აქვს შემოსავალი… მისი რიგი დგება იმ ადამიანების შემდეგ.

წინა წლების ბიუჯეტთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ბიუჯეტი და როდის გაიზრდება დევნილებისთვის შემწეობა?

ბიუჯეტს რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ წლებში, ბოლო წლის ჩათვლით, 24 მილიონი იყო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაიზარდა 48 მილიონამდე, 2015 წელს გახდა 70 მილიონი, თითქმის სამჯერ გაიზარდა. თუმცა შემცირდა დახმარებები, შარშან დონორი ორგანიზაციები დებდნენ მშენებლობებში, რეაბილიტაციებში, უბრალოდ დაიღალა მსოფლიოც, 22 წელი ეხმარებოდნენ ქვეყანას და  თქვეს, ამდენი ხანი ეს პრობლემა უნდა მოგეგვარებინათ, თუ არ მოაგვარეთ ახლა თქვენ მიხედეთ, თქვენ დააბრალეთო. იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მილიონზე მეტი გადაადგილებული პირია, ასეულობით ათასი დევნილი და ლტოლვილია, იგივე ხდება სხვა ქვეყნებში. გასაგებია, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრიორიტეტს იღებს იქ, სადაც პრობლემა უფრო მწვავედ დგას. 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო უზარმაზარი დახმარება, მარტო ევროკავშირისგან მიიღო 4.5 მილიარდი ევრო, ამ ფულიდან მეხუთედი, დაახლოებით 1 მილიარდი ევრო რომ წასულიყო დევნილების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არც ერთი დევნილი არ იქნებოდა დარჩენილი უბინაოდ და ეს პრობლემა, გრძელვადიანი განსახლება იქნებოდა გადაწყვეტილი.  

რაც შეეხება დახმარებას, აქ ცოტა უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს მიდგომები, ყოველ შემთხვევაში ამას ითხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასვლა სტატუს დამყარებული დახმარებიდან რომ გადავიდეთ საჭიროებაზე დამყარებულ დახმარებაზე. 

შესაძლოა თუ არა გადავიდეთ ქულების სისტემის შეფასებაზე?

ჯერ ასე მკაფიოდ ვერ ვიტყოდი, ეს ასეთი მყარი რეკომენდაცია არის. ალბათ უნდა ვიფიქროთ ყველა გზაზე და მოდიფიკაციაზე.

თქვენ ახსენეთ 2008 წლის შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხები, ამ თანხების გაფლანგვისა და არამიზნობრივ ხარჯვაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა არაფერი დადასტურებულა. ასევე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აღიძრა საქმე კობა სუბელიანის წინააღმდეგ და გამოძიება, სამინისტრო მას ადანაშაულებდა იმაში, რომ მან არამიზნობრივად გახარჯა და გამოიყენა სამინისტროს ქონება, თქვენი აზრით, რატომ ჩატარდა თუ არა სათანადო გამოძიება?

ნამდვილად არ ვიცი, იქ როდის და რამდენი გაიფლანგა, ისევე როგორც კობა სუბელიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მემგონი არ შეესაბამება სიმართლეს. გარკვეულ ფაქტებზე გამოძიება რომ დაწყებულია, არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ არის დაწყებული. რაც შეეხება ქონებას, მე რომ მოვედი, ეს ქონება ისევ დამხვდა, ისევ არ იყო გაცემული დევნილებზე. რატომ ვერ მოხდა გადაცემა ხელისუფლების გადაცემის შემდეგ? იმიტომ რომ ეს ქონება ისე იყო დასაწყობებული, რომ მას არ ჰყავდა მეპატრონე, არ ჩანდა ვინ შემოიტანა საქართველოში, ვის ეკუთვნის, ქონება იყო ჰაერში და ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდა ამის გარკვევას.

ამის შემდეგ დავიწყეთ გაცემა, ის, რაც ჯერ კიდევ ვარგისი იყო, დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოსული იყო.

საქართველოში აშენდა თავშესაფარი ლტოლვილებისთვის, ბოლო პერიოდში რა ტენდენცია შეინიშნება, რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან და რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი?

2014 წელს საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით იმდენი ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი პირი უფრო სწორად, რამდენიც მანამდე 10 წლის განმავლობაში. მათი უმრავლესობა არის სამი ქვეყნიდან, ეს არის ერაყი, სირია, უკრაინა. უკრაინიდან არის 500-მდე ადამიანი ჩამოსული, ერაყიდან არიან ჩამოსული იეზიდები, რომლებიც ჩამოვიდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების გამო. თავშესაფარი საქართველოში ერთადერთი, 60 ადგილიანი არსებობს, რაც არ არის საკმარისი. წელს შენდება ახალი თავშესაფარი, რომელშიც 395 ადამიანი განთავსდება, ესეც არ არის საკმარისი. უმრავლესობა ლტოლვილებისა არის სახელმწიფოს მიერ ქირით აყვანილი და ვისაც აქვს საშუალება, თვითონ ქირაობს ან ნათესავებთან ცხოვრობს. სახელმწიფო ეხმარება ყოველთვიური დახმარებებით, ისინი სარგებლობენ თავშესაფრის მიღების მსურველის სტატუსით, სარგებლობს უფასო განათლების უფლებით, მცირეწლოვანი ბავშვის ბაღში ყოფნის უფლებით. პლუს ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის მიღებული, რომ უკრაინელებს და ერაყიდან გადმოსახლებულებს, გამარტივებული წესით მივცეთ თავშესაფარი და სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი. ისინი არიან ომს გამოქცეული ადამიანები. როცა ლაპარაკია ლტოლვილის სტატუსზე, იქ უფრო მეტი ყურადღება და შესწავლა, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა დევნა, მან ეს უნდა დაასაბუთოს, თუ იყო მსხვერპლი, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება ნათელია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ასე ვთქვათ, „შავ ლაქად“ რჩება ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქმე ჭიანურდება ხელოვნურად, თქვენი აზრით, რატომ არ არის წინსვლა ამ გამოძიებაში?

არის საქმეები, სადაც გამოძიება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ იქ ზოგჯერ უბრალოდ, მტკიცებულება არ არსებობდეს საკმარისი და ამ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას მთელი თვე ჰქონდა იმისათვის, რომ საქმე პრაკტიკულად მოესპო, გაეყალბებინა. შეიძლება გარკვეულ მომენტში მოგეჩვენოს, რომ მისული ხარ ბოლომდე, მაგრამ უცებ რწმუნდები, რომ თუ ამ მტკიცებულებებით წავიდე სასამართლოში, საქმეს პერსპექტივა არ აქვს, ამიტომაც იძულებული ხარ, გააგრძელო ძიება. ძალიან ბევრი კრიტიკა იყო ვაზაგაშვილის, გირგვლიანის საქმეზე, ეს არის საქმეები, რომ მტკიცებულებების მოპოვებას დიდი ხანი სჭირდებოდა, ვნახეთ, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდება წავიდა ადეიშვილზე, სააკაშვილზე. ვაზაგაშვილის საქმეზე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს წარედგინათ ბრალდება. არის საქმეები, რომლებსაც დრო სჭირდება, არის საქმეები, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვერ გამოიძიო, ამასაც უნდა შევეგუოთ, საქართველო კი არა, მსოფლიოს საუკეთესო გამომძიებლები რომ იყვნენ ჩართულები.

ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოკლეს და დღემდე არსებობს მილიონი ვერსია, ეს იყო ერთი გიჟი ადამიანის ქმედება, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის შეკვეთა თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმილი ფაქტი. სასამართლომ მაშინ ღვინიაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ვერ დამტკიცდა ბრალდება? შეიძლება ყველა საქმეზე ვერ მოხერხდეს მტკიცებულებების შეგროვება, წინა ხელისუფლებას მთელი თვე ჰქონდა ამისთვის, რომ გაეყალბებინა.

ღვინიაშვილზე მე, როგორც სახალხო დამცველს არაერთი პასაჟი მაქვს ასახული, ერთ-ერთი არის საყვარელიძის მკვლელობის საქმის გაყალბება. ეს იყო 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დღეს მომხდარი მკვლელობა, როდესაც ჯავშანტრანსპორტიორმა დაეჯახა მანქანას, გადაუარა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის გაყალბებული, ამ გაყალბებაში მაშინ იკვეთებოდა, რომ ღვინიაშვილს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ გულგრილობა.

დღეს თუ მიმდინარეობს ამაზე გამოძიება?

ამაზე არ ვიცი. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ რასაც თავის დროზე ვამბობდი, აღსრულდა. თავის დროზე ჟურნალისტები მეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, როცა არავინ გისმენს, ვამბობდი, რომ ეს მოხსენებები არის საქართველოს ისტორია, რომ იცოდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში და მეორე, იდება გამზადებული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც მოწმეები არიან დაკითხული და ბრალიც არის გამოკვეთილი. ამას დღეს აქტიურად იყენებს გამოძიება, დღეს ეს ხშირ შემთხვევაში საკმარისია, რომ გამოძიებას მიეცეს გაღრმავების საშუალება.

სამწუხაროა, როგორც მითხრეს, არ გადამიმოწმებია, მაგრამ არქივი, რომელიც იყო სახალხო დამცველის ოფისში, გაუნადგურებიათ ჩემს შემდეგ, ძალიან სამწუხაროა. გამოძიება რომ ერთ-ერთ საქმეზე მიდიოდა, 7 ნოემბრის საქმეზე რომ ვუთხარი, რომ სახალხო დამცველის ოფისში გვაქვს მასალები, ასობით ადამიანი გვყავს დაკითხული, მათ მითხრეს, რომ ვერ მოვიძიეთ, განადგურებულიაო. როდესაც ვიყავი სახალხო დამცველი და ეს მასალები იქ არ ეტეოდა, მოვიწვიე სახელმწიფო არქივის თანამშრომლები, ეს დაუჯდა სახალხო დამცველის ბიუჯეტს გარკვეული თანხა, თითოეული ფურცელი შესწავლილი იქნა, დახარისხდა და დიდი ნაწილი გადავიდა სახელმწიფო არქივში.

ემზარ კვიციანი რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთი წლის წინ, როდესაც ის დააკავეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიწყო მსჯელობა მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხზე და ამის მომხრე ეკა ბესელიაც იყო, თუ ხართ დღეს მომხრე, რომ მას მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი?

არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი ახლა პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, რადგან ეს იყო პარლამენტის ერთი ეტაპი მაშინ. ემზარ კვიციანთან ერთად ვიბრძოდი, უშუალოდ ჩემი მეთაური იყო, 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ ჩემ თვალწინ მოხდა მოსახლეობის ძალის მობილიზება, ეს ერთადერთმა კაცმა გააკეთა, ემზარ კვიციანმა. რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანი 1993 წლის სექტემბერში, კოდორის ხეობა დაკარგული იქნებოდა. ამ ერთმა ადამიანმა შეძლო კოდორის ხეობის შენარჩუნება.

1994 წელს მე იქ ვიყავი, როდესაც მოხდა მოლაპარაკებები, ჩამოსული იყო რუსი გენერალი და როდესაც ვკითხე, რატომ ფიქრობ, რომ ისინი პირობას შეასრულებენ, მან მითხრა, რომ ვიციო რა, შეასრულებენო. ნდობა გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ იყო პროვოკაციები, ეს შეთანხმება გაფორმდა. იმ დესანტის გადმოსვრის დროს, რომ არა ემზარ კვიციანი და მისი ბიჭები, შეიძლება უფრო ადრე დაკარგულიყო კოდორი, რუსებმა რომ დაინახეს, რომ იქ დიდი სისხლისღვრა იქნებოდა და ვერცერთი ვერ გავიდოდა ცოცხალი, იმათ უკან დაიხიეს. ამის შემდეგ, მართლაც, 2008 წელს ჩააბარეს კოდორის ხეობა, დაშვებული იყო უამრავი შეცდომა, ჯარის შეყვანა მოხდა, ის ეწინააღმდეგებოდა ამ მოლაპარაკებებს. მანამდე რაც კვიციანმა გააკეთა, 2006 წლამდე, სანამ იძულებული გახდებოდა, გაქცეულიყო, ამ ომის შემდგომი უნდობლობის გადალახვა, გარკვეული კონტაქტების დამყარება სოხუმთან, აფხაზებთან, ეს იყო ადამიანური კონტაქტები, ეს არ შედიოდა სააკაშვილის გეგმებში და ხედვებში.

სააკაშვილმა, რომელმაც არასამთავრობოების კონტაქტები, ჟურნალისტების კონტაქტები, ყოფილ მებრძოლს შორის კონტაქტები, აი ყველანაირი კონტაქტი ჩაკლა აფხაზებსა და ქართველებს შორის და ბუნებრივია, მის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ეს კონტაქტი შენარჩუნებულიყო სოხუმსა და კოდორს შორის. ამ ყველაფერს შეეწირა კოდორის ხეობა და კვიციანის წინააღმდეგ კამპანია. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ემზარ კვიციანის განცხადებებში ყველაფერი სწორი იყო, ის, რასაც ამბობდა… ცდებოდა სამართლებრივ საკითხებში, მაგრამ უნდა გამოვიდეთ აქედან – რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, რა ამოძრავებდა და როგორ მოიქცა მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯარის შეყვანა, იარაღი ჩააბარა, არ შეულა ბრძოლაში, გაერიდა.

თუმცა თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ 2006 წლამდე, ემზარ კვიციანი აშანტაჟებდა ხელისუფლებას იმით, რომ გაეროს წარმომადგენლებს იტაცებდა და თანხას ითხოვდა…

ბრალი რატომ არ აქვს მაშინ წარდგენილი, გამოეძიებინათ და სამუდამო პატიმრობები აქვთ მისჯილი ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს, განცხადებები პოლიტიკურია, თუ იქ არ არის ფაქტები.

თქვენი სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში, თქვენ მონიტორინგს უტარებდით ნინო გვენეტაძის სასამართლო პროცესებს, სწავლობდით მის საქმეს, რა შეგიძლიათ თქვათ ამ ადამიანზე და უჭერთ თუ არა მხარს მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე?

ნინო გვენეტაძის მიმართ იყო დარღვეული აბსოლუტურად ყველა უფლება, აიძულეს წასულიყო თანამდებობიდან. ძალიან დიდი პრინციპულობით გამოირჩეოდა ზეწოლების, რეჟიმის მიმართ იყო შეურიგებელი, მე როგორც პროფესიონალს ძალიან დიდ პატივს ვცემ. იყო გარკვეული საქმეები, სადაც მე მქონდა მის მიმართ წინააღმდეგობები, ეს არ დამიმალავს, მაშინაც ხმამაღლა გამომიხატია ვარდების რევოლუციამდე, როგორც ჟურნალისტი, როგორც ადამიანის უფლებების სამოქალაქო აქტივისტი, სიტყვის თავისუფლებას ეხება საკითხი. თუმცა მას შემდეგ გავიდა წლები და ჩემი აზრით, საკამათო ხედვა იყო, მაგრამ დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი.

კონკრეტულად რას ეხებოდა წინააღმდეგობა?

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო, დღესაც განსხვავებული ხედვა გვაქვს – თუ რა შემთხვევაში აქვს ჟურნალისტს უფლება გააკეთოს ფარული ჩანაწერი.

თქვენი მოადგილე სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში იყო ბაჩანა ახალაია, რომელიც არის დღეს მსჯავრდებული და რამდენიმე ბრალი აქვს წარდგენილი. მიიჩნევთ თუ არა მას, როგორც ამბობენ თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, „სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენელი?

სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო ტერორისტული ოპერაცია, ამ ტერორიზმში ვგულისხმობ არა მხოლოდ ქუჩაში მკვლელობებს, აფეთქებებს, არამედ ხალხის დაშინების მანქანას. ტელევიზიიდან, რადიოდან, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკიდან, სასამართლოს პრაქტიკული გაუქმებიდან, ეს ყველაფერი იყო ტერორი საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად, როდესაც 400%-ით გაიზარდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა 6 წლის განმავლობაში, მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თან როდესაც ყველამ იცოდა, რომ ციხეებში მოხვედრა ნიშნავდა ღირსების შელახვას, დამცირებას. ამ რეჟიმს ქმნიდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, უამრავი სხვა ადამიანი. ახლა ბაჩო ახალაია და სხვა ადამიანების უმრავლესობა შეიძლება ყოფილიყვნენ კარგი მოქალაქეები.

ზურაბ ადეიშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ადამიანის უფლებებში, ძალიან კარგი და საინტერესო წიგნების ავტორი. კოტე კუბლაშვილი იყო ადამიანის უფლებების ექსპერტი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რომელიც სამაგიდო წიგნებად ითვლებოდა. ბაჩო ახალაია და უამრავი ახალგაზრდა, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები და იბრძოდნენ იმისთვის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ყოფილიყო უფრო ძლიერი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლებოდა ჩამდგარიყვნენ სახელმწიფო სამსახურში, ზოგს წარმატებულად, ზოგს წარუმატებლად მაგრამ კრიმინალებად არ გამოსულიყვნენ რაა, სააკაშვილმა ყველა ესენი აქცია კრიმინალებად. ბევრს არ აღმოაჩნდა ძალა, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამ ზეწოლისთვის, ამ მოთხოვნისთვის, რომელიც მოდიოდა სააკაშვილისგან. გახდნენ რეჟიმის მსახურები…

რა იყო იმის რეალური მიზეზი, რომ თქვენ სასჯელაღსრულების სამინისტრო დატოვეთ?

სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი ყოფნა, მიმაჩნია რომ ეს იყო მნიშვნელოვანი წელიწადნახევარი თითქმის ორი წელი. არ მიყვარს მაინც და მაინც ტრაბახი, მაგრამ მგონია, სიმართლეს ვიტყვი, იყო ისეთი თემები, რომელსაც ვერ გააკეთებდა სხვა ვერავინ.  ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, რომელიც ამას გააკეთებდა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, იქ ალბათ სხვა ხელი და სხვა ხედვა იყო საჭირო. იქაც მიმაჩნდა, რომ, იქვე დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა.. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად მიხდებოდა დინების წინააღმდეგ სვლა. დინებას ვგულიხმობ… გუნდი რომელიც მე მივიყვანე, სხვა რამეს ფიქრობდა და სხვა რამეს ფიქრობდნენ უწყებები, რომლებთანაც ყოველდღიური კავშირი მქონდა, სხვა რამეს ფიქრობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

რეფორმები, რომლებსაც ვატარებდით, იყო სხვა, დინების წინააღმდეგ… ასე არ გამოვიდოდა საქმე. ამიტომაც მიმაჩნდა, რომ მე იქ დავამთავრე და სხვა ადამიანი უნდა მოსულიყო. თუმცა ვთქვათ იგივე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფაქტიური გაუქმება, ეს ჩემს პერიოდში ჩამოყალიბებული ხედვა იყო და არა დაწყებული საქმე, ამის გაკეთების შანსი არ იყო.

ახლა მომწიფდა ვითარება და გიორგი მღებრიშვილი ამას აკეთებს და გააკეთებს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად. მაშინ ამის შანსი, გავიმეორებ, არ არსებობდა.

დარბაისელის გამო?

დარბაისელი რატომ დაინიშნა იქ იმის გამო. ზოგადად ისეთი უწყებაა, სადაც უფლებადამცველის მიმართ ნდობა ნაკლებია, მეგობარი უწყებების მხრიდან, ნდობა და მხარდაჭერაც ნაკლებია. როცა მხარდაჭერა არ არის, საქმის გაკეთებაც ძნელია. ეს არის მთავარი პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოვახდინეთ სისტემის ჰუმანიზაცია, შევქმენით ძალიან ძლიერი აუდიტის და აუდიტის ინსტიტუტი, ძალიან ძლიერი გენერალური ინსპექცია, რომელიც მანამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, ფორმალურად არსებობდა და ეს იყო კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი. გავატარეთ უაღრესად წარმატებული ჯანდაცვის რეფორმა, დავიწყეთ ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომელიც სწორედ ციხიდან გავრცელდა სამოქალაქო სექტორზე.

მინიმუმზე დავიყვანეთ, 2000%-ით შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება. შეიქმნა ახალი სტანდარტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი დარჩება როგორც სისტემის წარმატება. ყველაფერს საფუძველი მაშინ ჩაეყარა, მაგრამ დამთავრდა, წამოვედი ისე, რომ გული არ დამწყდა, არამედ დიდი ხანი მინდოდა წამოსვლა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, ხომ არ აპირებთ სამინისტრო დატოვოთ და შესაძლოა თუ არა, სხვა უწყებას გაუძღვეთ მომავალში?

ჯერჯერობით არანაირი სხვა გეგმა არ გვაქვს. დაწყებული გვაქვს რამდენიმე ამბიციური პროექტი, ჯერ მარტო ის სოფლის სახლი, მოსვლიდან რამდენიმე დღეში რომ ვნახე, არსებობს ასეთი პროექტი, ასეთი კარგი პროექტია და რატომ გვინდა რომ წელიწადში მხოლოდ 60 სახლი ვიყიდოთ? შარშან მოვასწარით, 200-მდე ადამიანს შევუძინეთ სახლი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ახერხებ რომ დაეხმარო და არაადამიანური პირობებიდან ახერხებ რომ დაეხმარო, არაადამიანური პირობებიდან სახლში გადაიყვანო, ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს, რომ გააგრძელო საქმიანობა! სიმძიმე რა არის ამ სამინისტროში არის ის, რომ გინდა დაეხმარო 1000 კაცს, ახერხებ დაეხმარო 10, 15%-ს. დანარჩენი არ ვიცი, ცხოვრება მოიტანს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად