„დინამოების“ რბოლა გრძელდება: თბილისი ბათუმს წამოეწია

23 ოქტომბერს საქართველოს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადატანილი მატჩი გაიმართა, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო ვითარება. უაღრესად პრინციპულ „თბილისურ დერბიში“ მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამომ“ ესქჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და სოლიდურად, 3:1 გაიმარჯვა. 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, 3 დანიშნული პენალტი და ლამაზი გოლები – ამ მატჩის ტელემაყურებელს (კოვიდის პანდემიის გამო თამაშებზე გულშემატკივრების დასწრება ისევ შეზღუდულია) ნამდვილად არ მოუწყენია.

გოლების და მატჩის შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. შეხვედრის გმირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა „დინამოს“ თავდამსხმელი, ნოდარ ქავთარაძე, რომელმაც „დუბლი“ არ იკმარა და საგოლე პასიც მიითვალა. მან ჯერ მე-12 წუთზე შეძლო „საბურთალოს“ კარში დანიშნული პენალტის რეალიზება, 21-ე წუთზე კი უკვე გიორგი პაპავას გაატანინა. ყველაზე ლამაზი მესამე გოლი გამოდგა: 39-ე წუთზე ქავთარაძემ ჯერ დრიბლინგით ჩამოიტოვა მეტოქე და შემდეგ ლამაზი დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. „დინამომ“ 3:0 წაიყვანა ანგარიში და თითქოს საქმეც მოათავა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მსაჯმა უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი უჩვენა მეორე გოლის ავტორ პაპავას და სტუმრები რიცხობრივ უპირატრესობაში დატოვა.
შეხვედრის მეორე ნახევარი უკვე „საბურთალოს: სრული კარნახით წარიმართა. მათ მოახერხეს მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომების ტოტალური ოკუპირება, თუმცა უშუალოდ საჯარიმოში შეღწევას და თამაშის გამწვავებას ხშირად ვერ ახერხებდნენ. და მაინც, შეტევების რაოდენობის ხარისხში გადაზრდა 71-ე წუთზე შეძლეს, როცა უკვე „დინამოს“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის რეალიზება მარგველაშვილმა შეძლო. სულ ბოლო წუთზე მსაჯმა კიდევ ერთი წითელი აუფრიალა „დინამოს“ ფეხბურთელს, ვიქტორ მონხილს და მორიგი პენალტიც დანიშნა, მაგრამ ამჯერად მარგველაშვილმა ბურთი კარს ააცილა.
ჩემპიონს ამ გამარჯვების წყალობით 25 ქულა დაუგროვდა და სულ 1 ქულითღა ჩამორჩება პირველ პოზიციაზე მყოფ ბათუმის „დინამოს“. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისურ კლუბს კიდევ ერთი თამაში აქვს გადადებული(„ლოკომოტივთან“), რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს.
მიხეილ აბაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად