ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის მე-13 ტურის ცენტრალური დაპირისპირება, თბილისის „დინამოსა“ და მოქმედ ჩემპიონ „სამტრედიას“ შორის, ძალიან დაძაბული, საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.
შეხვედრა ბაჩანა არაბულის ბენეფისად იქცა და წერტილიც სწორედ მან დასვა დღევანდელ შეხვედრაში.
25-ე წუთზე, არაბულმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ლუკა ლოჩოშვილმა კი 37-ე წუთზე, კახა კაჭარავას გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
სამტრედიელები თამაშში 63-ე წუთზე დაბრუნდნენ, როდესაც გიგი მჭედლიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 76-ე წუთზე კი, „სამტრედიას“ კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა – 2:2.
ამ ეპიზოდიდან მალევე, შეცვლაზე შემოსულ ბელოვს, ორი წუთის შუალედებში, ორი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მან მისი რეალიზება ვერ მოახერხა.
„დინამოელთა“ რიგებში კი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ბაჩანა არაბულმა, რომელსაც სტუმართა კარის კიპერმა, ომარ მიგინეიშვილმა ძალიან ბევრჯერ არ გაატანინა. მსაჯის მიერ კომპენსირებული 3 წუთის ამოწურვამდე 10 წამით ადრე, არაბულმა მაინც გაიტანა. მისი თავური დარტყმული ჯერ ძელს მოხვდა და ისე შევიდა კარის ბადეში – 3:2.
კახა კაჭარავას გუნდისთვის ეს მე-9 წაუგებელი შეხვედრა იყო. „დინამო“ 31 ქულით ცხრილის ლიდერია, „სამტრედიამ“ კი 23 ქულით მესამე ადგილზე გადმოინაცვლა.
მე-13 ტურის სხვა შეხვედრებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:
ტორპედო – ლოკომოტივი – 2:0
ფოთის კოლხეთი – შუქურა – 0:0
საბურთალო – დილა – 0:1
ტურს ბათუმის „დინამოსა“ და „ჩიხურას“ დაპირისპირება დაასრულებს, რომელმაც სტარტი რამდენიმე წუთის წინ აიღო.