დიმიტრი ცქიტიშვილი: არ ვიცი ვინ რას ციტირებს, კანონის მიზანია დასაქმებულების დაცვა

ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ცვლილებების პაკეტზე მუშაობის პროცესში, მე -5 პუნქტის მიზანია, შეიქმნას სტანდარტი, რის მეშვეობითაც თითოეული დასაქმებული იქნება დაცული და მას არ ამუშავებს ვინმე იმაზე მეტს, ვიდრე მას ეკუთვნის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სპეკულაციას უწოდებს მისი ინიციატივით “შრომის კოდექსში” შესატანი ახალი რეგულაციების თემაზე მიმდინარე სამუშაო პროცესის ინტერპრეტაციას, თითქოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი მოქალქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას აუკრძალავს.

“კანონით სულ სხვა რამ არის გამიზნული. მე არ ვიცი ვინ რას ციტირებს, მაგრამ ამ კანონის რეალური მიზანია, თითოეული დასაქმებული დაიცვას იმისგან, რომ შემთხვევით, ვინმე დამსაქმებელმა, გარკვეული ბიზნესის მეპატრონემ, დამსაქმებელმა არ აიძულოს ადამიანს იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვის მისაღები.

უკვე არსებულ კანონში არის 40 საათიანი დრო, არის 8 საათიანი ზეგანაკვეთური და უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ სახელმწიფომ შეძლოს და გააკონტროლოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვინმემ ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ადამიანი თუ მუშაობს 2 ან მეტ სამსახურში, ეს მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ თუ თვითონ ჩათვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა და აიძულებენ იმაზე მეტ მუშაობს, ვიდრე ეკუთვნის, ამისთვის სახელმწიფოს ჰქონდეს ზემოქმედების მექანიზმები.

თუკი ვინმე ჩათვლის, რომ მისი ექსპლოატაცია ხდება და მისი შრომის გამოყენება ხდება, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიმართოს სახელმწიფოს და სახელმწიფომ ის დაიცვას. ეს არ გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას, მითუმეტეს თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, აქ შეზღუდვების დაწესება არ შეიძლება მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ ადამიანს, თუმცა მსოფლიომ აღიარა, რომ 8 საათიანი სამუშაო დრო არის ნორმალური და ამაზე მეტი დრო ადამიანისთვის რისკებს შეიცავს. ჩვენ უნდა შევქმნათ მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს საუბარი ნორმალურ სამუშაო გარემოზე, რაც უკვე არსებულ კანონში გაწერილია, აქ საუბარია უფრო ეფექტურ მექანიზმებზე, რომ კანონი ვინმემ არ გამოიყენოს ისე, რომ მოახდინოს ჩვენი მოქალაქეების შრომის ექსპლოატაცია”-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატოვით, მიმდინარეობს მუშაობა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომლის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად