დიმიტრი ქუმსიშვილი “კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის” გამარჯვებულს შეხვდა

დღეს 13:30 საათზე ტექნოპარკში პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდნენ და დიდი წარმატება მიულოცეს.

“ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ტექნოპარკში კანის ლომების წარმოადგენლებთან ერთად ჩავატარეთ პირველი კრეატიული ფესტივალი, რომელშიც 4 ნომინაცია იყო. სწორედ აქ გამარჯვებულმა 4-მა გუნდმა მონაწილეობა მიიღო კანში გამართულ ფესტივალში და დღეს ისინი დაბრუნდნენ გამარჯვებულები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და სახელისთვის ძალიან დიდი წარმატებაა” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2016 წლის 25 ივნისს საქართველოს წარმომადგენლები კანის ლომების ფესტივალის 63-წლიან ისტორიაში პირველად ავიდნენ სცენაზე და მიიღეს ოქროს მედალი. ახალგაზრდა მარკეტერების გუნდმა საქართველოდან ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ პირველობა არავის დაუთმეს კონკურსის პირველ ეტაპზეც, რომელიც საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდა.

მეორე ეტაპი კანში გაიმართა, სადაც ყველა გუნდმა თავისი ქვეყანა წარმოადგინა. მსოფლიო მასშტაბით კი Young Marketer-ის კატეგორიაში საუკეთესო შედეგები საქართველომ აჩვენა. 2016 წლის კანის ლომების ფესტივალზე საქართველომ 4 კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ქართველმა მონაწილეებმა 1 ოქროს მედალი და 1 ბრინჯაოს ლომი ჩამოიტანეს. ბრინჯაოს ლომი კომპანია leavingstone-მა უკვე მეორედ მოიგო.

“კანის ლომების ფესტივალის ისტორია 1953 წლიდან იწყება. თავდაპირველად მას კანის რეკლამის ფესტივალს უწოდებნენ, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც კანის კრეატივის ფესტივალს, რადგან ნამუშევრები, რომლებსაც ფესტივალი აფასებს არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ რეკლამა.

საქართველო 2 წელია კანის ლომებზე მონაწილეობს. წელს გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე გასულ წელს. შარშან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს ლომი გვქონდა, რომელიც კომპანია leavingstone-მა მოგვიტანა. წელს კიდევ ერთი ბრინჯაოს ლომი გვაქვს და ოქროს მედალი რაც მთავარია, რომელიც Young Marketer-ებში ავიღეთ. ეს არის იმისი დასტური, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და ჩვენ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიო დონეზე, ნებისმიერს გაუწიონ კონკურენცია. ძალიან საამაყოა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ წარმატებას მოფლიო პრესაში.

გვიხარია, რომ მეორე წელსვე მოხდა ასეთი ამბავი, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გაცილებით კარგ შედეგებს ვაჩვენებთ“- განაცხადა კანის კრეატიული ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში აკო ახალაიამ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის წინსვლას და მის განვითარებას. სწორედ სააგენტოს ხელშეწყობით გაემგზავრნენ საქართველოში პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები კანში.

“კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქვეყანაში არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი ამ სფეროს წინსვლისთვის, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ახალი სიტყვა თქვან მსოფლიო კრეატიულ ბაზარზე, სწორედ ამიტომ კონკურსში გამარჯვებულები სააგენტოს ხელშეწყობით იმყოფებოდნენ კანში. სააგენტო ყოველთვის იზრუნებს კრეატიული ინდუსტრიის წინსვლაზე”, – განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას და იზრუნებს სფეროს წარმომადგენლებისთვის შექმნას სასურველი გარემო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად