დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს: გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან არის სწორედ თქვენი დამსახურება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა იკამათეს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე აღნიშნა, გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან წინა ხელისუფლების დამსახურებაა.

„რაც შეგვახსენეთ საოკუპაციო ზოლთან მომხდარი ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ეპიდვითარებასთან ამას საერთო არ აქვს, თუმცა, საერთო აქვს თქვენს საქმიანობასთან. გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან არის სწორედ თქვენი დამსახურება, მაგრამ მე არ მიყვარს ამაზე საუბარი“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რასაც ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა:

„ანუ იქამდე მივედით ბატონო დიმიტრი, რომ ომი საქართველომ დაიწყო? ომი საქართველომ დაიწყო ეს თქვით ახლა თქვენ. ეს ისეთი საკითხია, რომლის გატარება არ შეიძლება. თქვენ ახლა თქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას. თუ ჩვენი ბრალია, მაშინ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის თქვენი ლოგიკა, რომლითაც 8 წელია აზიანებთ ქვეყანას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ეს იყო თქვენი შეცდომა. შედეგით იზომება ყველაფერი. თქვენ პროვოკაციებს აყევით და ის შედეგია დამდგარი -20% ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ფაქტი“, -მიმართა ხუნდაძემ ჭიაბერაშვილს.

„თქვენ ახლა გაიმეორეთ ის, რასაც რუსული პროპაგანდა ამბობს ამდენი ხანია“, – უპასუხა ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად