დიმიტრი ხუნდაძე: ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ

ასე შეაფასა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენები.

„ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე, უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის. ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისის დროს, წინა ხაზზე დგანან და მათი სახეები არ იყო შემთხვევითი. ყველა ტელეკომპანიის გადაცემაში, ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ და სამწუხაროდ წინა ხაზზე. ჩვენ მაჟორიტარებმა, და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული, მაგრამ მე ვფიქრობ – ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ასევე, ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთ კაციანმა და მითუმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები სამალავად. ჩვენ, მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს. ყველას მოვუწოდეთბ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მან ოპოზიციას ურჩია მოემზადონ არჩევნებისათვის და დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

„მათ არავინ ზღუდავს და არავინ ბლოკავს მითუმეტეს კი ისე, როგორც ისინი შეეცადნენ დღეს დაებლოკათ პარლამენტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს ამოცანის ზემაღალი სიზუსტით შესრულებისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. პრაქტიკულად, ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ 2012 წლის შემდეგ სწორედ, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა და მით უმეტეს, იმდგვარი, რომელიც პირდაპირ არის სახელმწიფო და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა.

„ექიმებს არ აქვთ საზღვრები. ისინი ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა თუ ეთნოსის გარეშე ემსახურებიან ნებისმიერ პაციენტს. ექიმების უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პაციენტების უფლებების უხეშ დარღვევას. იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაჟა გფრინდაშვილი, რომელთანაც მე უშუალოდ მიმუშავია საოპერაციოში, დაუბრუნდება თავის პროფესიას. პაციენტებს მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად