დიმიტრი ხუნდაძე წმინდა სინოდის განჩინებას ეხმაურება

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სადაც რამდენიმე საკითხეზე იმჯელეს, წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"დღეს წმინდა სინოდმა დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შექმნის საკითხი დაადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ამასთანავე არის დემოგრაფიული პროექტის განხორციელების ინიციატორი საქართველოში. 

დღეს საქართველოს ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იქ დგას, სადაც ჩვენს ქვეყანას უჭირს. წმინდა სინოდმა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ უნდა შეიქმნას დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. მისივე განცხადებით, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება უმნიშვნელოვანესია. ორი წლის წინ ჩვენ სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა დემოგრაფიულ ინიციატივებზე და დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ ამ მიმართულებით 80 მილიონზე მეტი უკვე დახარჯა: უფასო მშობიარობა, დეკრეტული შვებულების გაზრდა, ორსული ქალების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, აბორტების წინააღმდეგ სამი მნიშვნელოვანი კანონის ამოქმედება და საქართველოს 6 რეგიონში შობადობის ფინანსური წახალისება 2 წლის მანძილზე ბარში 150 ლარის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით. 

ორი წლის წინ, სწორედ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, რომელმაც დღემდე უზომოდ დიდი სამუშაოები გაწია ჩვენთან ერთად. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოში შობადობამ 3000-ით იმატა, შემცირდა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რაც მთავარია, 9000-ით შემცირდა აბორტების რაოდენობა. დღეს იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე შეიძლება ვყოფილიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. ვეთანხმები მის უწმინდესობას, აუცილებელია შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება 2050 წლამდე, ანუ ერთ დემოგრაფიულ თაობაზე. ჩვენ ვმუშაობთ და ვახორციელებთ დემოგრაფიულ ინიციატივებს სხადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს კიდევ უნდა გაფართოვდეს და ერთ კონცეფციაში მოექცეს. 

კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას და საქართველოს წმინდა სინოდს. როდესაც ეკლესიას მუდმივად ერის მაჯაზე უდევს ხელი, შეუძლებელია ის ერი გაქრეს. დღეს ეკლესია და სახელმწიფო ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდა და ელის საზოგადოების ჩართულობას.

გვჯერა, რომ უფლის წყალობით,  ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საზოგადოების დიდი ჩართულობით, შევძლებთ საქართველოს გენოფონდის გადარჩენას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად