დიმიტრი ხუნდაძე გახარიას: საჭირო იქნება მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა მცხეთის პრობლემის მოგვარებაში

„ჩემი საუბრის თემა ეხება ისევ და ისევ ძველ პრობლემას, რომელიც გარკვეულ უხერხულობას მიქმნის – მცხეთის მორატორიუმს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალაქს და იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. ქალაქი 2015 წლის შემდეგ არის დაბოქლომებული. მთავრობის დღევანდელი არცერთი წარმომადგენელი არ იყო მაშინ ხელისუფლებაში. იმ პერიოდში ეს საკითხი იმდენად გაფუჭდა, რომ დღემდე მისი მოგვარება, მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა, ჭირს, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს“.

განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისი თქმით, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ეს პრობლემა ისევ დგას დღის წესრიგში.

„ყველა ვცდილობთ ამას, მაგრამ მცდელობას ექნება ფასი მაშინ, როცა ეს საკითხი იქნება ამოწურული და მოგვარებული. ქალაქი ვერ ვითარდება, მაცხოვრებლების საკუთრების უფლება დარღვეულია, ქონება გაუფასურებულია პერსპექტივის არქონის გამო, საბანკო ურთიერთობებში მოქალაქეები ვერ შედიან (ეს კიდევ უფრო მძიმდება პანდემიის ფონზე), სოციალური პრობლემები ყოველდღიურად უფასურდება. მინდა გთხოვოთ, რომ ეს პრობლემა გავითავისოთ. ალბათ, საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწვყეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა და არა მხოლოდ თქვენი, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად