დიმიტრი გვრიტიშვილი: სად იყვნენ ეს არასამთავრობოები 2012 წლამდე?!

„მოსამართლეებს უშუალოდ არ შეუძლიათ, თავი დაიცვან და ჩვენ გვაკისრია ფუნქცია, რომ დავიცვათ სისტემის ინტერესები და დავიცვათ თითოეული მოსამართლე ამგვარი თავდასხმებისგან და, თუ საჭიროა, იმავე მეთოდებით დავუპირისპირდეთ ოპონენტებს, რომლებიც ლანძღავენ სასამართლო ხელისუფლებას,“ – განაცხადა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა გიორგი გაბუნიასთან გადაცემაში. .

მისი თქმით, მესამე სექტორი მოსამართლეების დიდ ნაწილს უკავშირებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. დიმიტრი გვრიტიშვილს აინტერესებს, სად იყვნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები 2012 წლამდე.

„რაც შეეხება არასამთავრობოების პოზიციას, ჩვენ გვეძახიან, რომ ვართ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეები, არადა, მოსამართლეთა უმეტესობა გამწესებულია თანამდებობაზე 2012 წლამდე. სად იყვნენ ეს არასამთავრობოები 2012 წლამდე,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობოების მხრიდან სასამართლო სისტემაზე თავდასხმა დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძემ, როგორც ჩანს, ვერ გაამართლა მესამე სექტორის მოლოდინი.

„ნინო გვენეტაძემ მხარდაჭერა სასამართლო კორპუსში ვერ მოიპოვა. ამის პარალელურად გამოიკვეთა, რომ ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი. ამ ადამიანმა, ლევან მურუსიძემ, როგორც ლიდერმა, პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები. არასამთავრობოებმა ნახეს, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება შედგა ქვეყანაში,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად