„დილამ“ ლიდერობა გაიმყარა

ლიდერების – თბილისის „დინამოს“ და „დილას“ მატჩით დაიხურა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის მე-6 ტური, რომელიც სულ მცირე ხნის წინ დასრულდა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე. ამ თამაშს „დილა“ 11 ქულით და ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა. სასტარტო ხუთი მატჩიდან გორელებმა 3-ში გამარჯვება იზეიმეს, 2-ჯერ კი მეტოქეებს დაუზავდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთ ამ შეხვედრაში გიორგი ნემსაძის გუნდს არ მოუწია დაპირისპირება ისეთ მეტოქესთან, რომელიც საპრიზო ადგილების და ჩემპიონობის პრეტენდენტად ითვლება. გუშინ საღამოს „დილას“ სწორედ ასეთ პირველ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება და უნდა ითქვას, რომ შიდაქართლურმა გუნდმა ეს ძნელი გამოცდა სრული ტრიუმფით ჩააბარა.

პირველი ტაიმის პირველმა ნახევარმა საკმაოდ ინერტულ და უინტერესო ორთაბრძოლაში ჩაიარა. ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ, ხოლო სტუმრები, ვერ გეტყვით, „დინამოს“ ავტორიტეტის თუ ნემსაძის ტაქტიკური ჩანაფიქრის გამო „მეორე ნომრად“ თამაშს ამჯობინებდნენ. თუმცა „დილამ“ ეს მორიდება საკმაოდ მალე მოიშორა და თამაშიც გაათანაბრა, რასაც 38-ე წუთზე კვასხვაძის კარში გატანილი გოლი მოჰყვა, ორივე ფლანგის გამოყენებით გათამაშებულ კომბინაციას და ლაცაბიძის დაბალ გამჭოლ პასს ნიკა გაგნიძე გამოეხმაურა, ლამის კარის ხაზიდან გაიტანა და თავისი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში უკვე „დინამო“ გააქტიურდა და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა, ჯერ 63-ე წუთზე მეორე ყვითელი და წითელში გადაკვალიფიცირებული ბარათის გამო სტუმრებს დავით მაისაშვილი გაუძევეს, რასაც  ხუთიოდ წუთში შიდაქართლელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმაც მოჰყვა, შეცვლაზე შემოსული ბუღრიძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი კუციამ აქცია. ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა „დინამომ“ გააგრძელა მეტოქეზე ზეწოლა და ისეთი ილუზიაც შეიქმნა, რომ საქმის გამარჯვებამდე მიყვანასაც მოახერხებდა, მაგრამ „დილამ“ ურთულესი რამ შეძლო. არა მხოლოდ გოლი აღარ გაუშვა, არამედ ზედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა კართან სტანდარტის გათამაშების უფლება მოიპოვა. კუთხე საკმაოდ მახვილი იყო და როგორც სჩანს, კვასხვაძე სპანდერაშვილისგან ასეთ თავხედურ გადაწყვეტილებას არ მოელოდა, თუმცა გორელმა ფეხბურთელმა პირდაპირ კარში დაარტყა, რასაც „დინამოს“ კიპერის შეცდომა მოყვა და „დილამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ამ წარმატების წყალობით გორის „დილა“ 14 ქულას აგროვებს და უახლოეს მდევართან, „საბურთალოსთან“ უკვე საკმაოდ კომფორტული, 4-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.

აქვე გაგაცნობთ მე-6 ტურის ყველა შედეგს და სატურნირო მდგომარეობას:

თელავი – ჩიხურა 2:0

მერანი – სამტრედია 1:2

ლოკომოტივი – საბურთალო 0:0

დინამო (ბთ) – ტორპედო 2:0

დინამო (თბ) – დილა გორი 1:2

1.დილა – 14 ქულა 2. დინამო (ბთ) – 10 , 3. დინამო (თბ) – 9, 4. საბურთალო  9. თელავი – 9  6. ლოკომოტივი – 8, .7. სამტრედია – 8, 9. მერანი – 3, 10. ჩიხურა – 2.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად