დილამ დინამოს ლიდერობა აართვა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“ ის მე-5 ტური პირველ რიგში იმით იყო საინტერესო, რომ ლიდერი გამოიცვალა. თბილისის „დინამომ“ ვერ შეძლო მიჯრით მიყოლებული მოგებული თამაშების გასამება, ქუთაისში ქულები დაკარგა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციასთან დამშვიდობება მოუწია. სეზონის სტარტზე მთავარ ფავორიტებად სამ გუნდს ასახელებდნენ: „საბურთალოს“, თბილისის და ბათუმის „დინამოებს“. ჩემპიონობის პრეტენდენტებში გორის „დილას“ არავინ მიიჩნევდა, თუმცა, მე-5 ტურის შემდეგ ამ გუნდის მიმართ აშკარად მეტი პატივისცემით მოპყრობა იქნება საჭირო.

შიდაქართლელთა ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი, რაღა თქმა უნდა, ამ გუნდის მწვრთნელი და ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძეა. მან „დილა“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა და პროგრამა „მინიმუმს“ წარმატებით გაართვა თავი: გუნდი უმაღლეს ლიგაში დატოვა. აი წელს კი, როგორც ჩანს, „ნემსაძეს და კომპანიას“ გაცილებით მეტი ამბიციები აქვთ და საწყისი ტურები ცხადყოფს, რომ არც თუ უსაფუძვლოდ.

„დილამ“ ხსენებულ ტურში „კერკეტი კაკალის“ რეპუტაციამოპოვებულ  თბილისის ‘მერანს“ უმასპინძლა, რომელმაც დებიუტანტობის მიუხედავად შეძლო და საწეყის თამაშებში არ წააგო არც „საბურთალოსთან“, არც ბათუმის „დინამოსთან“ და არც „ლოკომოტივთან“. სამივე ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა. თუმცა, გორის „დილასთან“ ეს საპატიო სერია ძალზე უსიამოვნოდ შეწყდა. მართალია, გორში გამართულ ამ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში საკუთარი კარის „მშრალად“ შენახვა მოახერხეს, მაგრამ 58-ე დან 85-ე წუთის ჩათვლით მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, 4:0 გაიმარჯვეს და 11 ქულით გალიდერდნენ.

ტურის ცენტრალური მატჩი რამდენიმდე წუთის წინ დასრულდა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, რომელშიც „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. როგორც წესი, „ქართულ კლასიკოდ“ მონათლულ „დინამო“ – „ტორპედოს“ დაპირისპირებებში „ტყვეები არ აყავთ“ და ეს თამაშები ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო და უკომპრომისო ორთაბრძოლებში მიმდინარეობს. ხშირად ვითარებას ამ გუნდების ქომაგების არც თუ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება და ამ მტრობის საკმაოდ „მდიდარი“ მრავალწლიანი ისტორიაც ძაბავს. „ქართული კლასიკოს“ შემდეგ, როგორც წესი, სადისციპლინო კომიტეტს საკმაოდ სერიოზული სამუშაო უჩნდება, რაც ხან კლუბების, ხან ფეხბურთელების და ზოგ შემთხვევაში სტადიონების დისკვალიფიკაციითა თუ ჯარიმებით სრულდება. ამჯერად ყველაფერმა საკმაოდ წყნარ ვითარებაში ჩაიარა, რაც პირველ რიგში პანდემიით გამოწვეული სტადიონებზე მაყურებლების დასწრების აკრძალვის დამსახურებაა. მართალია, შეხვედრის მეორე ტაიმში მსაჯმა თითო გუნდიდან თითო ფეხბურთელს დაატოვებინა მოედანი (ქიმაძე და გრიგალაშვილი), მაგრამ ეს იყო არა უხეშობის, არამედ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიღებული საჯარიმო სანქცია. რადგან ქიმაძე ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ფეხბურთელი ჯერ კიდევ გასული სეზონის სტარტზე „ტორპედოს“ შემადგენლობაში ირიცხებოდა. ზოგადადაც გუშინ „დინამოს“ შემადგენლობაში 6 ექსტორპედოელი ვიხილეთ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთავარი მწვრთნელი – კახა ჩხეტიანიც ექსტორპედოელია, მაშინ ნათელ გახდება, თუ რა დამატებითი ინტრიგაც ახლდა შეხვედრას. თუმცა, ყველა ამ სუბიექტურმა, ობიექტურმა თუ მაპროვოცირებელმა ფაქტორმა გუნდები მაინცა და მაინც ვერ დამუხტა და შეხვედრამ საკმაოდ ფრთხილ, პრაგმატულ და მოზომილ ფეხბურთში ჩაიარა. მომენტებიც საკმაოდ მწირად იქმნებოდა ორივე კართან და საბოლოოდ მატჩი ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდა. აქვე გაგაცნობთ მე–5 ტურის ყველა შედეგს:

სამტრედია – ჩიხურა 0:0

ლოკომოტივი – დინამო ბთ 1:4

დილა – მერანი თბ 4:0

საბურთალო – თელავი 1:0

ტორპედო – დინამო თბ 0:0

1.დილა – 11 ქულა, 2. დინამო (თბ) – 9, 3. საბურთალო  8, 4 დინამო (ბთ) – 7, 5. ლოკომოტივი – 7, 6. თელავი – 6, 7. ტორპედო – 5, 8. სამტრედია – 5, 9. მერანი – „3, 10. ჩიხურა – 2.

ავტორი: მიხეილ აბაიშვილი

ფოტოზე: დინამო-ტორპედო – მატჩი მეგობრულად დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად