დიღმელაშვილი: მარტო ეგენი და “ნაცები” არ არიან, ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ,გააგრძელებენ?-მიიღებენ წითელს!

ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ივანიშვილი ქვებს იცავს და ადამიანები არაფრად მიაჩნია. მან არ იცის რა არის სახელმწიფო, ვერ ხვდება ამას. თავის კომპანია ჰგონია და თავის კომპანიებსაც როგორ მართავს, შეიარეთ “ქართუ ბანკში”. 21-ე საუკუნეში არ არის. 90-იანებში ნაშოვნი ფულის შენახვის რაღაც მექანიზმებზე ფიქრობს და ამის დაცვას ცდილობს და უნდა რომ თავის აქტივში ჰქონდეს. ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ქართველი ხალხი ასე აირჩევს. მე მჯერა დემოკრატიის და ინფორმირებული ადამიანების არჩევანის. მაგრამ ნურც ასე მოგვაყენებს შეურაცხყოფას, რომ ჯერ თვალში გვესვრის და მერე თვალში ნაცარს შეგვაყრის. ცივილიზებული ოპონირებაც ხომ არსებობს და საკუთარი მოსახლეობის ასე შეურაცხყოფა არ შეიძლება.

მე მგონი ვერ ხვდებიან, რომ სამყაროში მარტო ეგენი და “ნაცები” არ არიან. სხვა ადამიანებიც არსებობენ და ქართულ საზოგადოებასაც ეთქმის სიტყვა ამ პროცესში. აუცილებლად გავაგებინებთ, ჩვენ იქ ვიყავით ასული და ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ და გააგრძელოს ასე და მიიღებს წითელ ბარათს”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ უფიქრიათ ახლო მომავალში მოთხოვნის შეცვლაზე და თამასის აწევაზე გახარიას ნაცვლად ივანიშვილის გვარით ჩანაცვლებაზე? – რაზეც დიღმელაშვილი პასუხობს:

“არა, მათგან განსხვავებით ჩვენ სიტყვას პატივს ვცემთ. ილუზია კი არ გვაქვს, რომ გახარია რომ წავა რამე შეიცვლება, უბრალოდ ეს სიმბოლო გვჭირდება იმის, რომ შემდეგი ხელისუფლება, რომელიც მათ ადგილს დაიკავებს ხალხს ვერ ესვრის თვალში”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად