დიეტური, სამკურნალო და გამორჩეული ბიო-ჩირები ზურა ბაუჟაძის მეურნეობიდან – ანუ როგორ დავიწყოთ ახალი საქმე პანდემიის ჟამს

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი მუდმივად სიახლის ძიებაშია… ჟურნალისტიკიდან  წასვლის გადაწყვეტილება დროის სიმცირის გამო მიიღო და ხელი გიდობას მიჰყო, პანდემიის ჟამს საყვარელ მებაღეობა-მეყვავილეობას მიუბრუნდა და მეორე ტალღის დროს მიხვდა, რომ რაღაც  ახალი უნდა დაეწყო…

ჩემი კოლეგის ზურა ბაუჟაძის ბიო-ჩირებს არაერთხელ შეხვედრიხართ და კიდევ ბევრჯერ შეხვდებით სოციალურ ქსელში მადლიერი მოხმარებლისგან. ზურას ბიო-ჩირები მხოლოდ გასტრონომიული სიამოვნებისთვის არ არის შექმნილი, მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ სამკურნალო დანიშნულებით. არანაირი დანამატი და კონცეტრანტი, ყველაფერი მხოლოდ ბუნებისგან ნაბოძები სიკეთითაა შექმნილი.

ზურა, პანდემიის დროს, ზოგადად  ყველა უფრთხის ახალი საქმის წამოწყებას, რადგან ადამიანებს რისკის ეშინიათ.  რამ გადაგაწყვეტინა ამ ახალი საქმის დაწყება?

დავიწყებ იმით, რომ ჟურნალისტიკიდან არ  წავსულვარ, თუმცა არც  იმ ფორმით დავრჩენილვარ,  რა ფორმითაც ვიყავი. ყოველთვის უამრავი ჰობი მქონდა, სულ რაღაცა მაინტერესებდა.  მაგალითად, ბოლო სამსახური იმიტომ დავტოვე ჩემი ნებით, რომ ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. ეს დისკომფორტს მიქმნიდა, რადგან სხვა რამეს ვერ ვაკეთებდი. პანდემიამ იმ დროს მომისწრო, როცა  უკვე ტურიზმში ვიყავი  დასაქმებული. ჩაკეტვების გამო აღმოჩნდა ისე, რომ აქ, სოფელში ვიყავი და რა უნდა მეკეთებინა?!  რა ტურებსაც ვაწყობდი, ეს იყო გარდენ-ტური, ბოსტან-ტური, სახლიდან ბაღში და უკან. რა უნდა მეკეთებინა?

ირგვლივ მიმოვიხედე და უამრავი ხილი იყო,  სად უნდა წაგვეღო, ფუჭდებოდა. სოფლებში ხილის  გადამუშავების ერთადერთი  ძირითადი ხერხი არაყის გამოხდაa. თუ ვინმე ძალიან ბეჯითია, შეიძლება გააკეთოს ჯემი, მურაბა, მაგრამ ესეც ალბათ ძალიან მცირე რაოდენობით. ძალიან მომწონდა ჩემი მეგობრის, დაკა ბერძენიშვილის საქმიანობა,  რომელსაც საოჯახო სასტუმრო აქვს და ჩირებს თავად ამზადებს. გადავწყვიტე, მეც რაღაც მესინჯა და დაკას მივმართე კონსულტაციისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ძვირფასი რჩევა მომცა.

ხშირად ვეკითხებით ვიღაცეებს – აბა რა ვქნა? რა გავაკეთო? ვერავინ  მოგცემს მზა რეცეპტს. ჩვენ ხშირად ჰორიზონტს მიღმა ვიყურებით გამოსავლის ძებნაში და ამ დროს  გამოსავალი და რესურსი  შენს ფეხთ, შენს ირგვლივაა. ანუ, ჯერ უნდა დაათვალიერო რა გაქვს ირგვლივ და მერე უნდა იყურო შორს. ჩემთან იყო ბევრი ხილი, რომლისგანაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩირი. აი, ასე დაიწყო ყველაფერი…

ეს ყველაფერი დაიწყე დეკემბრის მეორე ნახევარში. სულ რაღაც ორი თვეა გასული და უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ზურა ბაუჟაძის ჩირები ზურას მეურნეობიდან. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ და შემიძლია ნებისმიერ ადამიანს გავუწიო რეკომენდაცია. მოგვიყევი იმ მეთოდის შესახებ, რის გამოც შენი ჩირები ასე მოკლე ხანში  ასეთი პოპულარული გახდა.

ის კონცეფცია რომ გამოგვეყენებინა ჩირებში, რასაც   ძირითადად იყენებენ და ესაა  გოგირდი, შაქარი და  სხვადასხვა ნივთიერებები, ამის  წინააღმდეგი ვიყავი. გვინდოდა პროდუქტი ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ყოფილიყო, რათა ადამიანებს გამოეყენებინათ დიეტების დროს და ბავშვებისთვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ ხილი საგულდაგულოდ შეგვერჩია. ძირითადად ვიყენებთ გურიის  და ქობულეთის რამდენიმე სოფლის ხილს, ფორთოხალი გვაქვს სოფელ დაგვის,  ვაშლს ვიყენებთ მხოლოდ ერთადერთ ჯიშს, ეს არის ძველი ადგილობრივი ჯიში – დემირა,,  რომელიც დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინს შეიცავს.  დემირას გამოიყენებენ ანემიის, სისხლნაკლულობის დროს და ყოველთვის ითვლებოდა სამკურნალო,  დიეტურ პროდუქტად. ძალიან ბევრი ბავშვია ჩვენთან გაზრდილი დემირა ვაშლის ფაფით და მეც ძალიან მიყვარდა ბავშვობისას.

ძალიან ხშირად ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიც აქვთ და ხეხილის ბაღებიც, უბრალოდ ეზარებათ ხილის გამოყენება შემოსავლის წყაროდ და ამბობენ, რომ არ უღირთ წვალებად, რადგან შემოსავალი იქნება უმნიშვნელო. ხილს კი ყრიან… რას ეტყოდით მათ?

მე ვეტყოდი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. არ შეგეშინდეთ, ხილისგან ჩირის დამზადება ბევრ დროს არ წაგართმევთ, მთავარია დრო სწორად გადაანაწილოთ. ჩვენ, ფაქტობრივად, დღისით ამაზე არ ვკარგავთ დროს. მე და დედაჩემი დილით და საღამოობით  ვამზადებთ.  ღამე აპარატი მუშაობს  და დილით მზადაა.

გოგრის ჩირი ბადაგში და თაფლში – რაღაც საოცრებაა…

დიახ, ყურძნის წვენში ვამზადებთ, რომელსაც  ვატკბობთ თაფლით.  მინდოდა ცოტა სიტკბო ჰქონოდა, თან რაღაც განსხვავებული არომატით. მარტო ყურძნის წვენი სასურველ სიტკბოს არ მისცემდა. რადგანაც შაქრის დამატება არ გვინდოდა, თაფლი გამოვიყენეთ, თუმცა ეს რეცეპტი დახვეწის პროცესშია,  ჩირი ცოტათი მაგარია და ვმუშაობთ მის დარბილებაზე. რამდენიმე კონსულტაცია გავიარე ამაზე, რამდენიმე ცდაც ჩავატარეთ და მგონი უკვე მივაგენით სასურველ მეთოდს. თუმცა, ამ დროისათვის მას წარვადგენთ  როგორც კვების დანამატს  და ის ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან და გარკვეული პრობლემები აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ხშირად ამ პროდუქტს გვთხოვენ.

საჭმლის მონელების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევად იქცა სწორედ ფასტ – ფუდებისა და არაბიო პროდუქტების გამო.  ამ პრობლემასთან საბრძოლველად ძალიან სასარგებლოა  ქართული კივის ჩირი, რომელსაც თქვენ ამზადებთ აბსოლუტურად ყოველგვარი დანამატის გარეშე

კივი ძალიან გემრიელია, მაგრამ მას აქვს თავისი სიმჟავე. ჩვენ ერთადერთი განსხვავება ის შევიტანეთ, რომ  არ ვიყენებთ მკვახე კივს და ამან გემოზე ძალიან იმოქმედა.  არც ვმალავ ამას, შეუძლიათ სხვებმაც სცადონ.

ანუ, რეცეპტის საიდუმლოებას ამხელ?

ვთვლი, რომ  ასეთი დეტალები არ უნდა დამალო, უნდა გაუზიარო ადამიანებს. ძალიან ბევრმა აღნიშნა მისი განსხვავებული გემო.  მე პირადად ვთვლი, მწიფე კივის დამსახურებაა.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იქცეს თქვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ბიო-ჩირებთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, ჩემი საქმიანობა გავაფართოვო. მხოლოდ წარმოება არ არის საკმარისი,  რეალიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის ვიყენებ ძირითადად სოციალურ ქსელს და გარდა ამისა, რამდენიმე მაღაზიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.

ვფიქრობ, არის საშუალება ამ საქმიანობის გაფართოების. უცხოეთიდან ჩირის გამომყვანი აპარატურის შემოტანას ვფიქრობთ  და არ არის გამორიცხული,  მთლიანად  ჩემი სამეზობლოს ხილი და  შრომითი რესურსი გამოვიყენოთ, რაც ყველასთვის კარგი იქნება.  არ არის აუცილებელი მხოლოდ ხილს აწარმოებდე, მცირე წარმოება ყველა სოფელში შეიძლება და ამას არ სჭირდება არც დიდი გრანტი და არც რაიმე დიდი რესურსი. ყველას, ვინც ფიქრობს რა ქნას, ვურჩევდი გვერდით მიმოიხედოს.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში, კაკალსა და ხმელ ხილზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს, რადგან მოთხოვნადი პროდუქტია. საქართველოში, უმჯობესია, სახელმწიფომ შექმნას იმის ამინდი, რომ ადამიანებმა თვითონ განავითარონ ეს მიმართულება.  ძალიან კარგი ნიშის დაკავება შეგვიძლია მსოფლიო ბაზარზე. ექსპორტიც ადვილად შესაძლებელია.  ეს დამატებით სამუშაოსაც შექმნის და  წარმოებასაც გაზრდის, თორემ საქართველოში ტონობით ხილი ფუჭდება რეგიონებში, მაშინ როცა უამრავი საშუალებაა ამ ხილს სხვადასხვა ფორმა მიეცეს.

ჩაის იმ შემადგენლობით, როგორც თქვენ ამზადებთ, ზუსტად შემიძლია ვთქვა, ანალოგი არ აქვს. იმდენი კომპონენტი ჩამომითვალე რაც ამ ჩაის უნიკალურობას ქმნის, მინდა რომ მკითხველსაც მოვუყვეთ…

ხილის ჩაი, რომელსაც ახლა  ვამზადებთ, ცოტა განსხვავებული შემადგენლობით, ციტრუსით და კენკრით იქნება. იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც აქამდე გვქონდა, ცოტა ხანში აღარ გვექნება, იმიტომ რომ ახალ ნედლეულზე გადავდივართ. უპირველესად ეს ჩაი არ შეიცავს ჩვეულებრივ ჩაის. გამოყენებულია მოცვი, ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ველური ტყის რაღაცები…

ჩაის რამდენიმე  მწარმოებელთანაც ვთანამშრომლობთ. 30-მდე  მწარმოებლისგან შევარჩიეთ მხოლოდ სამი. ზოგიერთი ლაბორატორიულ დონეზეც კი შევამოწმებინეთ, რომ დავრწმუნებულიყავით რაღაც პარამეტრებში, დამზადების ტექნოლოგიაში. ამდენად,  შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაც დონეზე, ერთობლივი პროდუქტია. ძალიან მოთხოვნადია და გავაგრძელებთ აუცილებლად.

სოციალურ ქსელში თქვენი ახალი პროდუქტი გამოჩნდა –  პომიდვრის ჩირი, რაღაც ახალ მიმართულებას იწყებ, როგორც ჩანს…

ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ პირველები ვართ საქართველოში, ჩვენამდე სხვებმა დაამზადეს და საკმაოდ წარმატებით.  სხვებს სხვა რეცეპტი აქვთ, ჩვენ – სხვა.  ჯერ სატესტო რეჟიმში ვამზადებთ, ვნახოთ რა გამოგვივა.

ბოსტნეულის ჩირების მიმართულებაც გვინდა განვავითაროთ, გვაქვს რამდენიმე იდეა ლუდის მენიუსთან დაკავშირებით ლუდის მოყვარულთათვის. 15-20 პროდუქტზე ვფიქრობთ,  აქედან რომელი გამოვა, ჯერ ბოლომდე არ ვიცით . თუმცა, ჩირების გარდა, წლის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ახალი პროდუქტი.

გისმენ და ვფიქრობ, რომ პანდემიას მოყოლილი მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები, სულაც არ არის დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისიც კი  შეიძლება გახდეს..

დიახ,  ყველაფერი უარყოფითი, შეიძლება იყოს  დადებითის დასაწყისი. ადამიანებს  ვეტყოდი, რომ ნურაფრის შეეშინდებათ!

თუ ვინმეს რაიმე რჩევა, ან დახმარება უნდა, ყველას შეუძლია მომმართოს. მეც სხვები მეხმარებიან და ასე ერთობლივად,  გამოცდილების ერთმანეთზე გაზიარებით კეთდება ყოველთვის ყველაფერი.

კომენტარები
იტვირთება...