დიდი საკადრო რეფორმა – ჯანდაცვის სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს მეტად საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორიც არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების და დევნილთა საკითხები. იმ გამოწვევების დაძლევა, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას, მხოლოდ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ორიენტიებული იყო კანდიდატების ობიექტურ შეფასებაზე. შეფასების კრიტერიუმები შერჩული იყო ზოგადი კომპეტენციების გამოსავლენად, რომელიც განსაზღვრულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, როგორც მენეჯერული, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციებისთვის.

კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს. ჯამში ასეთ თანამშრომელთა რაოდენობა არის 51. მათთვის შესაბამისი სამსახურის მხრიდან განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, ვისთვისაც ალტერნატიული პოზიცია მისაღები არ აღმოჩნდა, გათვალისწინებული იქნება მობილობის საკითხი.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ზოგიერთი ქვედანაყოფის შერწყმა. ასეთი სტრუქტურა გააუმჯობესებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციას, მეტად ეფექტურს გახდის მუშაობას და თავიდან აგვაცილებს ფრაგმენტაციას და რესურსების გაორებას“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად