დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი  თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს  დაბადებული ა.ა. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე  ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა.  სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას,  სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს  212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...