“დიდი ჰესები არ უნდა ძირავდეს საქართველოს მიწას” – ინტერვიუ გია ბუღაძესთან

უკვე მეორე დღეა საქართველოს დედაქალაქში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან. აქციაზე შიგადაშიგ ისმის ანტიდასავლური და ქსენოფობიური რიტორიკაც და იყო ძალადობის ერთეული შემთხვევებიც. მაგალითად, როგორც თავად უწოდებენ – სახალხო აქციაზე ყოფნის უფლება არ მისცეს სალომე ბარკერს. მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ლგბტქ სამკლაური ეკეთა. აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მხოლოდ დაგმო ძალადობა და თქვა, რომ მათ აქციაზე არანაირი სიმბოლიკა არ დაიშვება, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკისა.

საზოგადოების ერთი ნაწილი აქციის უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს, მეორე ნაწილის აზრით კი პროტესტის გამომხატველებს ეროვნული ინტერესები ამოძრავებთ. აქცია განსხვავებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულებების მქონე ადამიანებიც კი შეიძლება ნახოთ იქ.

რას ემსახურება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია – პატრიოტულ სულისკვეთებას თუ რუსულ ინტერესებს? სოლიდარულია აქციის მიმართ თუ კითხვები უჩნდება? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში მხატვარი გია ბუღაძე საუბრობს:

_ რა პოზიცია გაქვთ ნამახვენჰესის საწინააღმდეგო აქციაზე და ხართ თუ არა სოლიდარული ამ აქციის მიმართ?

_ სოლიდარული ვარ, მაგრამ ძალიან მაეჭვებს ანტი-დასავლური რიტორიკა, რომელიც მესმის ხოლმე. თავისთავად ყოველთვის მომხრე ვიყავი იმის, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. ქართული მიწა ქართული უნდა იყოს და ა. შ. არავინ არ უნდა ფლობდეს მას სამუდამოდ და არ უნდა იყენებდეს მას მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ ქვეყანას და ხალხს არაფერი არ დარჩეს.

რა თქმა უნდა ძირითადად სოლიდარული ვარ ამ აქციის მიმართ. იმიტომ, რომ მე არასდროს ვემხრობოდი იმას, რომ ფაქტობრივად დაიძიროს საქართველო წყალში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს ელექტროენერგიის გამომუშავების სხვადასხვა საშუალება.

_ ანუ, ჰესების წინააღმდეგი ხართ?

_ არა, დიდი ჰესების წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის ვიყავი.  სულ ახალგაზრდა რომ ვიყავი იმ დროიდან მოყოლებული.

მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ანტიდასავლურ რიტორიკას გამოხატავენ… რამდენჯერმე მოვისმინე და გამიკვირდა. იმიტომ, რომ ასეთი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს და ასეთი შინაარსი არ უნდა შეიძინოს ამან. ეს არ არის სწორი.

_ რომელ განცხადებებს გულისხმობთ?

_ იყო განცხადებები, რომ ევროპა და დასავლეთი გვაიძულებს რაღაცებსო.

_ ქსენოფობიური განცხადებებიც მოვისმინეთ იმ აქციებზე, ჭარბობდა თურქოფობიის შემცველი განცხადებები.

_ კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხალხს მართლა სახალხო მოძრაობა აქვთ. ვნახოთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება, თუმცა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ დიდი ჰესები არ უნდა ძირავდეს საქართველოს მიწას. ისედაც მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება, რა ძალები მუშაობს უკან. ასე მარტივად ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ რაღაცები დგას და ყველაფერი წარმოჩინდება აუცილებლად.

_ ამბობთ, რომ დიდი ჰესების წინააღმდეგი ვარო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამის გარეშე შესაძლებელია ენერგოდამოუკიდებლობა?

_ მე არ ვარ ენერგეტიკოსი და არც პრეტენზია მაქვს ამის, მაგრამ შემიძლია გავიაზროთ ის, რომ დასავლურ ქვეყნებში დიდი წინააღმდეგობაა დიდი ჰესების წინააღმდეგ. ფაქტობრივად დაძლიეს ეს პრობლემა. დღევანდელ დღეს ალტერნატიული სხვადასხვა საშუალებები არსებობს და ამაზე 20 წლის წინაც კი მიდიოდა საუბარი. კი ვართ წყალუხვი ქვეყანა, მაგრამ ესეც დროებითია და გლობალური დათბობის პირობებში გარემოს დამახინჯება და ეკოლოგიის განადგურება წარმოუდგენლად ცუდი შედეგის მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ ვარ ენერგეტიკოსი და შეიძლება ამ თემებზე საუბრის უფლებას არ უნდა ვაძლევდე ჩემ თავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა საქართველომ აქცენტი მცირე ჰესებზე და სხვა ალტერნატიულ წყაროებზე გააკეთოს.

_ ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას, რომელსაც არ უნდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, რათა მუდმივად მასზე იყოს დამოკიდებული. ამაზე რას იტყოდით?

_ მე არაფერს არ გამოვრიცხავ, რუსეთი ყველგან არის და ყველაფერში. საერთოდ რუსეთი მთელ მსოფლიოში ყველგან ერევა. როგორც მემარჯვენეებში, ისე მემარცხენეებში. როგორც წითლებში, ისე შავებსა და ყავისფერებში, მწვანეებში და ა. შ. რუსეთი ყველგან არის.

_ უნიკალურია ეს აქცია იმ მხრივ, რომ ერთად დგანან მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი, ლიბერალი…

_ ლიბერალებს მე აქ ნაკლებად ვხედავ. თუ ასე წავიდა, მე ცენტრისტი ვარ. როგორც ხედავთ მხარს ვუჭერ ამ პათოსს. თუ ამ თვალსაზრისით განვსაზღვრავთ, თორემ ისე როგორც გითხარით პარტიული კუთვნილება არ გამაჩნია. ამით გარკვეულწილად ბედნიერიც კი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეული ადამიანები მონაწილეობენ და ბუნებრივია ეს ვერ იქნება რუსული სპეცსამსახურების გარეშე.

_ სალომე ბარკერმა თქვა, რომ ის აქციიდან გამოაძევეს იმის გამო, რომ ლგბტქ სიმბოლიკის სამკლავური ეკეთა და ეძახეს „რას გავხარო“. ვარლამ გოლეთიანი მხოლოდ რომ გაემიჯნა ძალადობას, ეს საკმარისია?

_ არა. არავინ არავის არ უნდა აგდებდეს. ვარლამმა ხომ თქვა, რომ ყველას შეუძლია მოვიდეს და თავისთვის იდგესო. ამიტომ, რატომ უნდა გააგდო სალომე ან ვიღაც სხვა.

_ იქ, რაც ხდება მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ უნდა აიღონ აქციის ორგანიზატორებმა?

_ თქვა მან, რომ ყველას შეუძლია მოვიდესო. მან ისიც თქვა პარტიული დროშები არ უნდა იყოსო. საერთოდ თუ უნდა, რომ მართლა სახალხო მოძრაობა იყოს, პარტიული გამიჯვნები არ უნდა ხდებოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...