დიდი ბრიტანეთი მტრული საგარეო საქმიანობის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობა მიიღებს კანონს, რომელიც მიზნად ისახავს უცხო ქვეყნების არაკეთილგანწყობილ საქმიანობასთან ბრძოლას. ამის შესახებ სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ განაცხადა, ქვეყნის პარლამენტის ახალი სესიის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას.

“მიიღება კანონები უცხო ქვეყნების მტრულ საქმიანობასთან საბრძოლველად. ჩემი მინისტრები შეასრულებენ რეკომენდაციებს უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვიდან”, – თქვა მისმა უდიდებულესობამ და აღწერა მთავრობის მომავალი წლის პროგრამა. გამოკითხვის შედეგად, რომელიც მარტში იყო წარმოდგენილი, რუსეთი და ჩინეთი სამეფოს უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებად დასახელდა.

უკვე რამდენიმე წელია კონსერვატიული მთავრობა სწავლობს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების უფლებამოსილების გაფართოების საკითხს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად ებრძოლონ გარე საფრთხეებს, მათ შორის ჯაშუშებსა და ჰაკერულ საქმიანობას. გაერთიანებული სამეფო ასევე შეისწავლის სხვა ქვეყნების გამოცდილებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციაში.

“ჩვენ ასევე ვსწავლობთ სხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებული მავნე მოქმედებების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების მიზანშეწონილობის საკითხს. ასევე განვიხილავთ სახელმწიფო ღალატის შესახებ კანონმდებლობის შესწორებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მთავრობა ასევე აპირებს შემოიღოს ორგანიზაციებისა და პირებისათვის უცხოური გავლენის აღრიცხვის წესები, რათა შეიზღუდოს სამეცნიერო-ტექნიკური ჯაშუშობის შესაძლებლობა და საგარეო ჩარევა დემოკრატიულ პროცესებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...