დიდ ბრიტანეთში შემზღუდველი ზომების მოხსნა დღეს სკოლების გახსნით იწყება

კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის გამო დიდ ბრიტანეთში ორი თვის წინ დაწესებული შემაკავებელი ზომების მოხსნა დაიწყება ორშაბათს სკოლების გახსნით.

მოსწავლეების მერხებთან დაბრუნებას ხელისუფლებამ უწოდა პირველი ნაბიჯი ნორმალური ცხოვრების გზაზე.

ამაზე გაამახვილა ყურადღება ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ბორის ჯონსონმა და განმარტა, თუ რატომ იწყება მკაცრი ზომების შემსუბუქება სკოლებით.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს გეგმაში, რომელიც იმედი გვაქვს, რომ იქნება თავისუფლებისკენ მიბრუნების გეგმა. ვაქცინაციის პროგრამის წარმატებამ მოგვცა შესაძლებლობა, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, ეპიდემიის ამ ეტაპზე სკოლების მუშაობის განახლება უფრო ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე დისტანციურად კლასების გაგრძელება, რის გამოც ხდება განათლების ხარისხის შემცირება და დამატებითი ფსიქოლოგიური დატვირთვა იქმნება ბავშვებსა და მათ მშობლებზე.

ჯონსონი და ქვეყნის განათლების მინისტრი გევინ უილიამსონი ხაზს უსვამენ, რომ შემაკავებელი ზომების მოხსნა შეუქცევადია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკოლებს მესამედ არ მოუწევთ კარების დახურვა. უილიამსონის თქმით, მთავრობა ვითარების გამოსასწორებლად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. სკოლებში შეიძლება შემოვიდეს დამატებითი კლასები და შემცირდეს საზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა. წელს, უმნიშვნელოვანესი სასკოლო გამოცდები გაუქმდება, სკოლის მოსწავლეებს საბოლოო შეფასებებს მასწავლებლები მისცემენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...