დიდ ბრიტანეთში კარანტინი გამოცხადდა

​დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის გამო მინიმუმ სამი კვირით კარანტინი გამოაცხადა.

მან მოქალაქეებს შინ დარჩენა დაავალდებულა, ვინაიდან ვირუსის აფეთქება, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე აღმოჩნდა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

“დროა გავამკაცროთ ზომები. ყველა მოქალაქე შინ უნდა დარჩეს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიდეს გარეთ”, – განაცხადა მან.

ჯონსონის თქმით, კარანტინი გულისხმობს:

მაღაზიაში გასვლა პირველადი მოხმარების პროდუქციისთვის; სამსახურში წასვლა (ვისი პროფესიაც არ იძლევა სახლიდან მუშაობის საშუალებას); ყოველდღიური სპორტული აქტივობა (მარტო, ან ოჯახის წევრებთან ერთად); სამედიცინო საჭიროებები.

ბრიტანეთის პრემიერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანაში გაუქმდება ყველა სოციალური ღონისძიება, მათ შორის ქორწილები.

მისი თქმით, დაიხურება ყველა არასასურსათო მაღაზია, ბიბლიოთეკები, რელიგიური დაწესებულებები, საბავშვო მოედნები და სპორტული დარბაზები. გარდა ამისა, პოლიციას უფლება ექნება, რომ მოქალაქეები აიძულოს, დაიცვან წესები, თუკი ისინი დაარღვევენ მას.

თავის მიმართვაში მან აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აკრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ორ ადამიანზე მეტის თავმოყრას.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ზომებს ჩვენ გამუდმებით გავაკონტროლებთ. სამი კვირის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გადავხედავთ და თუკი გვექნება საფუძველი, შევამსუბუქებთ ზომებს”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად