“დიახ, ეს იყო შეხმატკბილებული, დაგეგმილი, ბინძური კამპანია!” – ინტერვიუ პაპუნა უგრეხელიძესთან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ გახმაურებულ გენდერულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა. ასევე, დაავალა მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს მის მიერ ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაციის სხვადასხვა ტელეკომპანიებში საჯაროდ უარყოფა.

ეკატერინე მესხიძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, სადაც ამბობენ, რომ სასამართლოში უგრეხელიძე ითხოვდა კონკრეტული განცხადებების უარყოფას და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია არსობრივად, შეავიწროვა თუ არა სექსუალურად უგრეხელიძემ მესხიძე სამუშაო ადგილზე.

მოსამართლის დასაბუთების ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

“ერთი ინსტიტუცია გვაქვს სახალხო დამცველი, მეორე – სასამართლო. დღეს სასამართლოს არ უმსჯელია სექსუალურ შევიწროებაზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ იტყოდა, რომ ადგილი არ ჰქონია ეკატერინე მესხიძის მიმართ განხორციელებულ შევუწროებას და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რომელიც დააყენა პაპუნა უგრეხელიძემ. პაპუნა უგრეხელიძეს ჰქონდა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც რამდენიმე გარემოების უარყოფას ითხოვდა, უბრალოდ. აქედან სასამართლომ ნაწილზე ჩათვალა, რომ უნდა მოეთხოვა უარყოფა ეკატერინე მესხიძისგან, ნაწილზე – არა”, – უთხა ნეტგაზეთს მესხიძის ინტერესების დამცველმა მარიკა დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, ისინი გაასაჩივრებენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რადგან მისივე განმარტებით, “მოსაზრება და აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

პაპუნა უგრეხელიძე კი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არც სააპელაციო სასამართლოში აქვს შანსი.

გთავაზობთ ინტერვიუს პაპუნა უგრეხელიძესთან.

სექსუალური შევიწროვების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთი ბრალდების გამო საჯარო მოხელემ დატოვა თანამდებობა და მანვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ფეისბუქზე უკვეგაგასამართლეს და განაჩენიც გამოგიტანეს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება შეცვლის რამეს?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ მსგავსი სახის ბრალდებები რაღაც მომენტში გახდა “ტრენდული“, ოღონდაც, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.  მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ის გარემოებაც, რომ დღემდე ამ ტიპის საქმეების განხილვის არც თეორიული და მითუმეტეს არც პრაქტიკული გამოცდილება არ გაგვაჩნდა.  ვგულისხმობ არა მხოლოდ  სექსუალური შევიწროების, არამედ ზოგადად ე.წ.  გენდერულ საქმეებს.

თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს და მოგეხსნებათ, რომ ამ ტიპის ბრალდებების ტალღა თავდაპირველად აშშ-ში  წარმოიშვა და შემდგომ დასავლეთიდან გადმოვიდა საქართველოშიც. ამერიკაში ძალიან ბევრი ასეთი აქტუალური და რეზონანსული საქმე განიხილა სასამართლომ. მაგალითისათვის, სულ ახლახანს გაირკვა, რომ  ძალიან ცნობილი მსახიობი ქევინ სფეისი, თურმე მართალი ყოფილა იმ საქმეებში, რომლებისთვისაც თითქმის ჯვარს აცვეს.

ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ალბათ ის გარემოება აიოლებს, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება და ჩვენ, როგორც წესი, მივყვებით ხოლმე მათ გაკვალულ გზას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ  თითოეული საქმე ინდივიდუალურ განხილვას და სკურპულოზურ მიდგომას საჭიროებს, იმიტომ რომ იმთავითვე შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი მანკიერ, არასწორ მიმართულებას  და შესაძლოა მივიღოთ უმძიმესი შედეგი –  ვინც რეალურად დასაცავია, ის დაგვრჩეს დაუცველი.

პერსონალურად ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ძალიან მძიმე გადასატანია, როდესაც თავის მართლების საშუალებაც კი არ გეძლევა,  როდესაც ობიექტურობა იკარგება და ემოციები და ტენდენციურობა არის პროცესების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

მითუმეტეს, როდესაც გყავს შვილები…წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა,  ჩემი ქალიშვილი,  იმ დროს 18 წლის უნდა შესრულებულიყო. რთულია ასევე, როდესაც  ოჯახში მიკროფონით და კამერებით გივარდებიან და დედას უსვამენ ისეთ კითხვებს, რომელიც ძალიან მძიმე მოსასმენია. რთული ეს ყველაფერი მორალური თვალსაზრისით. მაგრამ, არ მგონია, ის ადამიანები ვინც ასეთი ბინძური მიზნების უკან დგანან, ითვალისწინებდნენ ან დიდად აღელვებდეთ ზემოხსენებული გარემოებები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე იყო, ასეთ საკითხებზე ფიქრით თავი ნამდვილად არ შეუწუხებიათ.

თქვენი პირველი ოფიციალური განცხადება იყო, რომ დატოვებდით თანამდებობას, მაგრამ იბრძოლებდით ბოლომდე და აუცილებლად დაამტკიცებდით, რომ ეს იყო შეთითხნილი ბრალდება. თქვენს ამ გადაწყვეტილებას მეორე მხარისა და თქვენი ოპონენტების მხრიდან მოჰყვა კითხვა: თუ მართალი იყო, რატომ წამოვიდა სამსახურიდანახლა მეც მინდა გკითხოთ რატომ გადაწყვიტეთ წამოსულიყავით, იყო თუ არ ეს თქვენი ხელმძღვანელის, ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის მოთხოვნა?

 თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ, არ დაიჯეროს არავინ, რომ  ჩემი ხელმძღვანელის მხრიდან რამე ტიპის ზეწოლა ან მოთხოვნა ან თუნდაც თხოვნა იყო, რომ  სამსახური დამეტოვებინა. პირიქით, მე შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი გამოირჩევა განსაკუთრებული ყურადღებით გენდერულ საქმეებზე,  განსაკუთრებით ქალთა უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე, როგორიც არის თუნდაც ბავშვთა უფლებები.

რაც შეეხება კითხვას,  რა იყო მთავარი მოტივატორი, რატომ წამოვედი პოსტიდან: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 1600 ადამიანია დასაქმებული. აქედან 60%-ზე მეტნი ქალები არიან, რომლების 24/7 საათი შრომობენ იმისთვის, რომ ეს უწყება იყოს წარმატებული.

ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, რადგან იმ ტიპის ბრალდებები გაისმა და ისეთი ფორმით, რომ საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო, რაც დამეთანხმებით ლოგიკურიც იყო.  მე  ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, გაგრძელებულიყო ის ბინძური კამპანია. დიახ, ეს იყო შეხმატკბილებული, დაგეგმილი გამიზნული, ბინძური კამპანია…

მე ვერ მივცემდი ჩემ თავს უფლებას საჯარო რეესტრი თავმჯდომარის პოზიციიდან გამეგრძელებინა საკუთარი უფლებების დაცვა.

გადადგომა გარკვეულწილად მოქმედების თავისუფლებას მაძლევდა. ამდენად, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიე, გადავმდგარიყავი და ისე გამეგრძელებინა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა.

ამ ბრძოლას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. როგორ წესი, სასამართლო პროცესები ამ სიხშირით და ამ ხანგრძლივობით არ გამოირჩევა ხოლმე. დაგვჭირდა 13 თვეზე მეტი, ვიდრე მოვედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე.  13 პროცესზე მეტი ჩატარდა,  თითო პროცესი მინიმუმ 5 საათი გრძელდებოდა.

სასამართლოდ გადაწყვეტილებამ შეცვალა ის სტიგმა, რაც გარკვეულწილად, თუნდაც გარკვეულ ნაწილში გაჩნდა თქვენს მიმართ?

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, მიზნად ისახავს დაიცვას ადამიანის უფლებები – ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. წესით, ეს იმ ადამიანებისთვისაც ჭეშმარიტება უნდა ყოფილიყო, რომლებიც ასე შორიდან, თავგამოდებით “იცავენ” ადამიანის უფლებებ და იმ დროისათვის დიდი მონდომებით, აქტიურად ჩაერთვნენ იმ ბინძურ კამპანიაში. ნამდვილად ძალიან რთულია, როდესაც ამ სტიგმით, ამ დამღით დადიხარ საზოგადოებაში.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაში ეს განსაკუთრებულად მწვავედ შეიიგრძენი. იმდენად თვალხილული იყო სიცრუის ელემენტები, რომ ძალიან მალევე მიხვდა ყველა ყველაფერს. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივიც არ არის, როდესაც მძიმე “ბრალდებებს” წაგიყენებენ ამ ბრალდებებით სიარული,  სანამ მიხვალ საბოლოო შედეგამდე.

 რამდენჯერმე აღნიშნეთ და სოციალურ ქსელში წერდით, რომ ეს იყო მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი კამპანია. ვისი დაგეგმილი და რატომ? ყველა კამპანიას აქვს თავისი მიზეზი. რამე პოლიტიკურ ჯგუფს გულისხმობთ, დაინტერესებულ პირთა ჯგუფს თუ ვის?! ან რა იყო მათი მიზანი?

ჩემს შემთხვევაში, ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა და დადასტურებით განვაცხადო, რომ რამდენიმე ჯგუფის რამდენიმე ინტერესი გადაიკვეთა და დაემთხვა ერთმანეთს

მათთვის საბედნიეროდ და სასიკეთოდ, მათ შორის არიან პოლიტიკური ჯგუფებიც. მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ   ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“  ჩემს წინააღმდეგ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ჩემს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა აირჩიეს ბრძოლის ეს ხერხი.

და რაც მთავარია, ზუსტად იმ დროს მიმდინარეობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ ძალიან აქტიური კამპანია მისი გადადგომის მოთხოვნით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დამთხვევა იყო?!

რომ შევაჯამოთ, სხვადასხვა ნიშნით ანგაჟირებული რამდენიმე ჯგუფის ინტერესი ერთმანეთისთვის სასიკეთოდ გადაიკვეთა და დაემთხვა და  ყველამ ერთად  მოახერხა ის რაც მოახერხა.

თქვენ თქვით, რომ გაქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, ახსენეთნაციონალური მოძრაობა“. შეგიძლიათ მითხრათ, რა სახის მტკიცებულებებია ეს?

მე ვფიქრობ, რომ ეს დასამალი არც არის და ვერც დაიმალება, იმიტომ რომ ჩემს გარდა ამ საქმის შესახებ იციან ჩემმა საერთაშორისო პარტნიორებმა და აქაურმა კოლეგებმაც.

მოგეხსენებათ, საჯარო რეესტრში, ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის დროს,  ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოიყენა 21 -ე საუკუნის მოწინავე სიტყვაა – „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგია.

მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემს გუნდთან ერთად ხელს ვუწყობდი საქართველოსთვის ამ ადგილის დამკვიდრებას და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემაში.

მას “შემდგომ, რაც წამოვედი თანამდებობიდან, გავაგრძელე ამ მიმართულებით საქმიანობა და ჩართული ვიყავი ზემოხსენებული ტექნოლოგიისათვის პლატფორმის შექმნაში. ძალიან ხშირად მიკავშირდებოდნენ საზღვარგარეთიდან მსხვილი „ბლოქჩეინ“ კომპანიები. სწორედ ერთ-ერთ ამ ტიპის კომპანიასთან “Bloccelerate” მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობისა შესახებ ხელშეკრულებას, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა მედიის საშუალებით.  დავიწყეთ საქმიანობა და სულ რაღაც ორი კვირაც კი არ იყო გასული, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებას დაუკავშირდა ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ძალიან “თვალსაჩინო” წარმომადგენელ-ექსპერტი ბათუ ქუთელია (პარტნიორებმა პირდაპირ დამისახელეს მისი ვინაობა) და ჩემს პარტნიორებს ვითომდა გულშემატკივრის პოციზიიდან მოახსენა და ურჩია, რომ თურმე მე ბრალი მედება ვიღაცის სექსუალურ შევიწროვებაში და ჩემთან თანამშრომლობა ზიანს მიაყენებდა მათ იმიჯს. აი, ასე, პირდაპირი ბრალდებით, ისიც კი არ უთქვამს, რომ საქმე სასამართლოში იყო.

ხომ არ გიკითხავთ ბათუ ქუთელიასთვის ამის შესახებ?

არა. ასეთ ადამიანებთან, რომლებიც ასეთ ნაბიჯებზე არიან წამსვლელები, ალბათ აზრიც კი არ აქვს კითხვას.  მაგრამ, მე მჯერა ჩემი უცხოელი პარტნიორების, რომლებიც პირველ რიგში წარმატებულები არიან თავიანთ ქვეყანაში აშშ-ში.  ისინი,  რა თქმა უნდა, არ მოიტყუებოდნენ და მეტადრე, ვერ მოიფიქრებდნენ ამ სახელს და გვარს. ვერ დააბრალებდნენ და არც დააბრალებდნენ. მე კი, სრულებით არაფერში მჭირდება ასეთი ამბების მოგონება და ამ ისტორიის კიდევ უფრო დამძიმება.

თქვენ ყოფილი სახალხო დამცველის (უჩა ნანუაშვილის) რეკომენდაციას აპროტესტებდით და აცხადებდით, რომ ძალიან აცდენილი იყო რეალობას, ეფუძნებოდა არასწორ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. იმსჯელა თუ არა სასამართლომ ამ ნაწილზე?

სანამ სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვრცლად შევეხები, ერთ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას იმისთვის, რომ თქვენ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, რამდენად ობიექტური და დასაჯერებელია ეს დოკუმენტი,  რომელსაც ჩემი გაგებით, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებულმა უჩა ნანუაშვილმა მოაწერა ხელი.

როგორ შეიძლება 1600 ადამიანისგან შემდგარ კოლექტივში 1 ადამიანი მაინც არ გამოკითხო, თუნდაც ზრდილობის გულისთვის  და მხოლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ მიცემულ, მათ შორის ანონიმურ ჩვენებებზე გააკეთო აქცენტი?! დაუჯერო მათ და გამოიტანო დასკვნა?!

სახალხო დამცველის ინსტიტუტს პირველ რიგში პატივი უნდა სცეს თავად სახალხო დამცველმა და წარმოდგენა უნდა ჰქონდეს და პატივსაც სცემდეს ამ პოზიციას.

რამდენადაც მე ვიცი, ეს არის შვედური წარმომავლობის, ძალიან კეთილშობილური და ეფექტიანი ინსტიტუტი.

ეს არის, ფიგურალურად რომ ვთქვათ:  „სახელმწიფო NGO” , რომელიც მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და არ დააღვიოს მეორეს უფლებები ვითომდა პირველის უფლებების დაცვის ხარჯზე, .

შემიძლია პატარა ამონარიდი გავიხსენო ამ სამარცხვინო დოკუმენტიდან: „რთულია ასეთი საქმეებზე მტკიცებულების მოპოვება, რთული ასეთი ტიპის საქმეებზე მოწმეების მოპოვება“.  შესაძლოა ,სახალხო დამცველი სუბიექტური განწყობებით წერდეს ამ ტიპის რეკომენდაციებს. ამას გვეუბნება ჩემთვის გამოგზავნილ დოკუმენტში და მე არ მჯერა, რომ ასე გამოკვლეულმა საქმემ რეალური შედეგი და ობიექტურობა შეიძლება დაადგინოს.

ამ შემთხვევაში, მეც მიჩნდება განცდა, რომ ის იყო დაინტერესებული პირი, თან არ დაგავიწყდეთ, საკმაოდ დიდი ხანი ედო თაროზე ეს დასკვნა…  პრობლემაა ისიც, რომ ომბუდსმენს, კანონით, არ აქვს განსაზღვრული ვადები მის საქმიანობაში. ვფიქრობ, ამ მხრივ, კანონიც გარკვეულ დახვეწას საჭიროებს. მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ის გარემოებაც, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი დოკუმენტი არ საჩივრდება არსად.

ვთვლი, რომ როგორც კანონმდებლობის ასევე პრაქტიკის კუთხით, სახალხო დამცველი საქმიანობასაჭიროებს ბევრ კორექტივს.

რა მოხდა ნინო ლომჯარიას პერიოდში, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები განსხვავდებოდა არსებითად უჩა ნანუაშვილის  რეკომენდაციისგან?

დავიწყოთ თავიდან: მას შემდეგ, რაც გადავდექი  თანამდებობიდან,  ჩემთან გამოსამშვიდობებლად ჩემივე თანამშრომელმა ჩენთან ერთად გადაიღეს ერთობლივი ფოტო. უმრავლესობა ამ ფოტოზე ქალები არიან, ფოტოს ცენტრში კი მე ვდგავარ. ჩემი გაცილებისა და პატივისცემის ნიშნად ეს ფოტო გამოაქვეყნდა სოციალურ ქსელშიც. როგორც კი ეს ფოტო გამოჩნდაა, უკვე მიმდინარე ბულინგის გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად,  ისევ იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა რომელსაც ზემოთ ვახსენებდი, კონკრეტულად კი, გიგი უგულავამ ამ ქალებს უწოდა “სამარცხვინო ქალები”, “ქალი ბუტაფორია”, “ქალი დეკორაცია“” და მოკლედ, რადგან ისინი ჩემთან ერთად იღებდნენ სურათს, არ დაიშურა  საზიზღარი ეპითეტები ამ ქალების შესამკობად.

ზუსტად იმ პრინციპით რა პრინციპითაც ე.წ. მსხვერპლი წავიდა სახალხო დამცველთან, 800-ზე მეტმა ქალმა და მათ შორის კაცმაც, ხელი მოაწერა ელექტრონულ პეტიციას, სადაც სახალხო დამცველს მოსთხოვეს დაეცვა გიგი უგულავას დისკრიმინაციული გამოხტომისაგან.

ჩემდა გასაოცრად და სამწუხაროდ აქაც, სახალხო დამცველი არცერთ მათგანს არ დალაპარაკებია. მხოლოდ ერთი თვის თავზე მოვიდა მშრალი, ტიპიურად ბიუროკრატიული წერილი, სადაც წერია, რომ დისკრიმინაციის ელემენტები მან გიგი უგულავას გამონათქვამებში ვერ დაინახა და ეს გამოხტომა, ამ უკანასკნელის  გამოხატვის თავისუფლება იუყო.

ვფიქრობ, რომ აქაც, თუნდაც ზრდილობის გულისთვის მაინც შეიძლებოდა ვინმეს დალაპარაკებოდა და გამოეკითხა რას გრძნობდა ის თანამშრომელი, როდესაც გიგი უგულავა “სამარცხვინოს”, “ქალ ბუტაფორიას” და ა.შ. მხოლოდ იმიტომ ეძახდა, რომ ჩემთან ერთად 5-წლიანი ნაყოფიერი მუშაობის დასრულების შემდეგ, როცა ძალიან ბევრ წარმატებულ  რეფორმას ერთად ჩავუყარეთ საფუძველი, ფოტო გადაიღეს. სხვა მათ არაფერი დაუშავებიათ.

თავდასხმის ობიქეტებად იქცნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ მხარს გიჭერდნენ, არამედ ისინიც, რომლებიც მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვას ითხოვდნენ და აპროტესტებდნენ ფეისბუქით ბულინგს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ამაზე რაიმე პოზიცია ხომ არ გამოუხატავთ უფლებადამცველებს?

არა, პირიქით იქცეოდნენ. განსკუთრებით ნიშანდობლივი და მტკივნეულია, რომ ადამიანები რომლებსაც პრეტენზია აქვთ საერთაშორისო უფლებადამცველობაზე და რომ ჰკითხო ხმალამოღებული იცავენ უფლებებს, გახდნენ ბრალმდებლები.

ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ანგაჟირებულობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰქვიათ არასამთავრობო ორგანიზაცია, ჰქვიათ უფლებადამცველები, თავს ასაღებენ ადამიანის უფლებათა ყველაზე უფრო კარგ მცოდნედ, ძალიან ხშირად არ ამხოლოდ ასეთი „ქეისების“, არამედ სხვა ქეისების უკან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები დგანან. ან მატერიალურად ან იდეოლოგიურად, ან ორივე ერთად.

სასამართლოს მიერ გამოყენებულმა ტერმინმანაწილობრივ დაკმაყოფილებამგამოიწვია კამათიგარკვეული ჯგუფი აკრიტიკებდა მედიის წარმომადგენლებსაც, რომელმაც დაწერეს, რომ პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნორა განაცხადა მოსამართლე, როგორ  ახსნა ეს ფაქტი და რა იგულისხმება ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში?

ვისაც აკრიტიკებდნენ, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ სწორედ გამოცხადებას სასამართლო დარბაზში  ჩართული მიკროფონებით და ეს ჩანაწერი არსებობს. ის ჟურნალისტები, ვინც ავრცელებენ ამ განცხადებას, მათ თავად მოისმინეს მოსამართლის სიტყვა და ამის შემდგომ გაავრცელეს ინფორმაცია.

უბრალოდ, იმ ანგაჟირებულ ადამიანებს არ სურდათ არაფრის გაგონება, მათ შორის არც იმის, რომ საიამ წააგო პროცესი.

ახლა რაც შეეხება კითხვას, რას ნიშნავს ნაწილობრივ დაკმაყოფილება: 6 მოთხოვნიდან 5 მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლემ.  ე.წ მსხვერპლს, მესხიძეს მოუწევს უარყოს ის კონკრეტული გამონათქვამები და კამპანია, რომელიც აწარმოა 1 წლის წინ მან, მისმა დაჯგუფებამ და მის უკან მდგარმა ჯგუფებმა. ექვსიდან მხოლოდ ერთი განცხადება კი არ ჩაითვალა ჩემი საქმიანი რეპუტაციის შემლახავად. აი, მხოლოდ ამას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი.

ასევე კითხვები გაჩნდა იმ სატელეფონო შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მტკიცებულებებად წარადგინა სასამართლოში. ხომ არ შეეძლო, რომ ასეთი რამ ტყუილად მოეგონებინა?

პირველ რიგში, გეტყვით რომ არსებობს არა ჩემი, არამედ ლევან სამხარაულის სახელობის  ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, სადაც მთელ რიგ მესიჯებზე ამბობს, რომ ისინი მე არ მეკუთვნის. რამდენად ყალბი იყო ან რამდენად სხვას ეკუთვნოდა, ეს არ ვიცი. მაგრამ ის, რომ ჩემი მესიჯები არ იყო, ამას ადასტურებს ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

ანუ ექსპერტიზა კონკრეტულ მესიჯებზე მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩემი ფეისბუქ ექაუნთიდა გაგზავნილი.რაღაც მესიჯები კი, იყო კონტექსტიდან ამოჭრილი, ისე რომ შინაარსი და მთავაარი აზრი იკარგებოდა.

რა ურთიერთობა იყო საერთოდ თქვენსა და ეკატერინე მესხიძეს შორის? ან რატომ გქონდათ ასეთი ფამილარული ურთიერთობა, „ციყვებისეპიზოდს ვგულისხმობ

ჩვენს შორის, თავდაპირველად იყო ძალიან მეგობრული, ახლო ურთიერთობა. ჩვენ გვაკავშირებდა მამაჩემის მეგობრის შვილი, რომელიც დამხვდა საჯარო რეესტრის პიარ სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე. ეს ადამიანი სამარცხვინოდ მოიქცა და  ე.მესხიძის  ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო სიცრუეში და მათ შორის სასამართლო სხდომებზე, მისივე ძალიან ახლო მეგობარ, ასევე საჯარო რეესტრის უკვე ყოფილ ორ თანამშრომელთან ერთად. ეს არის სამეგობრო,  ოთხეული, რომლებიც ერთმანეთს ემოწმებიან ყველაფერში. ძალიან ახლო მეგობრების წრე, რომლებიც პროცესზე იყვნენ ერთმანეთის მოწმეები.

ჩვენი მეგობრული ურთიერთობა, თუნდაც ტერმინი „ციყვი“,  რომელიც სახუმარო ტერმინი იყო, დაბადების დღეზე საჯარო რეესტრის სააგენტოში მორთმეულ ტორტზე  სწორედ ამ ადამიანებმა დასვეს. მათ აქტიურობით გაკეთდა ეს ტორტი. შემდგომ, როგორც კი დასჭირდათ, გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ.

როდის დაჭირდათ? და რატომ?

როდის დაჭირდათ?! როცა მე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელმა და თანამდებობის პირმა, საჯარო მოხელემ მივიღე გადაწყვეტილება რასაც კანონი მავალდებულებდა. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მერკანტილური, იმიტომ რომ მესხიძის ქმარი გავათავისუფლე სამსახურიდან, რომელიც მთვრალი, ძაღლით მოვიდა იუსტიციის სამინისტროში, სადაც ყოველდღიურად 15 ათასამდე ვიზიტორია და იქცეოდა უგვანოდ იუსტიციის სახლში.

როგორც კი დავწერე გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ეს იყო 22 აგვისტო, ზუსტად 1 კვირაში, 29აგვისტოს ეკატერინე მესხიძემ, რომელიც დიდი ხნის წასული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მიმართა სახალხო დამცველს.

ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, ყველაფერი თვალსაჩინოა, რა ამოძრავებდა და რა იყო მისი გამწარების მიზეზი.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: უჩა ნანუაშვილმა საქმე და პროცედურები შეწყვიტა დაახლოებით 2017 წლის შემოდგომაზე. ხოლო დასკვნას ხელი მოაწერა 2018 წლის მაისში. 9 თვე პროკურატურას არ უდებს ხოლმე რთულად გამოსაძიებელი საქმეები, მაგრამ ნანუაშვილს ედო.

მხოლოდ ერთი შეხვედრა მოეწყო ჩემთან, რაღაც ფორმალური კითხვები დამისვეს, ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ მიმართულებით წავიდოდა ის საერთოდ. არცერთი მოქმედი თანამშრომელი საჯარო რეესტრში იმისთვის რომ ობიექტური გარემოება დაედგინა, არ გამოუკითხავს. მერე 9 თვის შემდეგ მოაწერა ხელი. ეს მისი ხელმოწერა თვალნათლივ ჩანს და ემთხვევა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში.

რას გულისხმობთ?

მაშინ იმ პერიოდში, მასსა დ იუსტიციის მინისტრს შორი საკმაოდ გამწვავებული იყო სიტუაცია. ეს ის პერიოდია, სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილს რომ დაუდგა მოწმედ.

ჩავიდა იქ  და ადვოკატთა ასოციაცის ყოფილ ხელმძღვანელთან ზაზა ხატიაშვილთან ერთად, სახალხო დამცველი შეიმჩნეოდა ცრუ მოძრაობებში. აი ამ პერიოდს ემთხვევა ჩემი საქმის განხილვაც. ამიტომაც  ძალიან მარტივია იმის გაგება, რატომ არის ეს საქმე თეთრი ძაფით ნაკერი.

მე არ მეშინია, მაგრამ დაიქადნეს სატელევიზიო რეპორტაჟში, რომ აპირებენ გასაჩივრებას. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული წარმატება ელოდება მათ სააპელაციო სასამართლოში.

როგორც ვიცით, ეკატერინე მესხიძის მეუღლემაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ

მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უჩივლა. გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა. პირწმინდად მოიგო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ ის საქმე, სადაც მთვრალი, ძაღლთან ერთად დათარეშობდა იუსტიციის სახლში. სასამართლომ ყველა პუნქტში გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია და აღარც კი გაუსაჩივრებიათ ზემდგომ ინსტანციაში. იმდენად  თვალსაჩინო იყო მისი გათავისუფლების გადაწყვტილების ობიექტურობა და სისწორე.

ეჯატერინე მესხიძის მეუღლე 22 აგვისტოს გაათავისუფლეთ, 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, ამ პერიოდში თუ ჰქონდა მცდელობა პირადად თქვენთან რაიმე სახის მოლაპარაკებები ეწარმოებინა

ჰქონდა მცდელობა მაგრამ აქაც არასწორი გზით  და შანტაჟის გზით იარა.

როგორც კი დაიწყო მისი მეუღლის მიმართ დისციპლინური წარმოება, ის ბათუმში ხვდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეს და მის პირით მითვლის, რომ შემეჩერებინა ადმინისტრაციული დევნა თორემ მიჩივლებდა სახალხო დამცველთან.ეს ფაქტი არის ნოტარიალურად გაფორმებული, რომელიც სასამართლომ გაითვალისწინა და მიიღო როგორც მტკიცებულება. ანუ, ეს ფაქტი რომ მოხდა, მოწმემ დააფიქსირა ნოტარიალურად.

ეკატერინე მესხიძე უარყოფდა ამ ფაქტს?

კი. ის ამბობდა რომ სხვა ქვეტექსტი ჰქონდა ამ საუბარს. ანუ არა შანტაჟის. როდესაც ადამიანი კონკრეტული ქმედებისგან თავის შეკავებას გთხოვს რაღაც მუქარის სანაცვლოდ, ეს არის შანტაჟი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი.

რთულია ამ სტიგმით ყოფნა?

ძალიან. შინაგანად სულ მაწუხებდა ეს გრძნობა როდესაც ადამიანებს ველაპარაკებოდი.  ხომ არ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ მე მართლა ის ვარ რა სურათიც დახატეს ჩემგან და დახატეს ნამდვილი მონსტრი. ერთი წლის წინ,  ნოდარ მელაძემ რომ სიუჟეტი გააკეთა, მე თვითონ შემეშინდა, ისეთები თქვა….

დღეს, რა თქმა უნდა, წელგამართული შემიძლია ყველასთან ვსაუბრობდე. დღეს უფრო მარტივია ჩემი მდგომარეობა, ვიდრე ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

საერთაშორისო კომპანიები რომელთანაც თანამშრომლობთ თუ ჩააყენეთ საქმის კურში თბილისის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და როგორია მათი პოზიცია?

რა თქმა უნდა. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და იმთავითვე  საჭიროებს  სკურპულოზურ მიდგომას. მე ვთლი, რომ არ მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ ბევრი ადამიანის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ასეთი ტიპის საქმეებზე ვლაპარაკობთ.

რა თქმა უნდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამ შედეგის  შესახებ მეცნობებინა ჩემი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათთვის ხომ სრულიად წარმოუდგენელია თუნდაც სახალხო დამცველის პოლიტიკური ანგაჟირებულობა.

საერთაშორისო ორგანიზაციებს მესხიძე და მის უკან მდგარი ჯგუფები თავის დროზე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით აყენებდნენ საქმის კურში. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე მათ მოვაწოდო ინფორმაცია როგორ დასრულდა ეს დავა სასამართლოში.

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად