დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის საერთაშორისო კინოფერსიტვალი ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

3-9 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენებები, დადეგმილია შეხვედრები მსახიობებთან და რეჟისორებთან, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები. ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში, დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ, ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.
კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს ევროკავშირი აწესებს. EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანებიან. ფილმთა შორისაა ლუკას დონტის „გოგონა“ (საერთაშორისო კონკურსი), ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“ (დამზადებულია გერმანიაში), იანის ნორდსის „მიყვარხარ, დედა!“ (ბალტიის ქვეყნები:100).

„პირველი არხის“ გადაცემის „ილუზიონის“ ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთ ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს გამართავს.

9 დეკემბერს, დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი პრინცი“. ნამუშევარი ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“, „ევროპული ფორუმი“.
ტრადიციულად, ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით, ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ალიჩე რორვაჰერის „ბედნიერი ლაზარო“, მარიო მარტონეს „კაპრი-რევოლუცია“, დარიო არჯენტოს „სუსპირია” – იტალიური კინოკლასიკის 4კ
რესტავრირებული ვერსია, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათ შორის არის სტეფან კაასის „ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე”, პერნილ ფიშერ კრისტენსენის სურათი „ახალგაზრდა ასტრიდი“ სახელგანთქმული შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს. პროფესიით მათემატიკოსი ლოზნიცა წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობდა. თუმცა, 90-იანი წლებში კინემატოგრაფიის გერასიმოვის სახელობის ინსტიტუტში ნანა ჯორჯაძის ჯგუფში რეჟისურის შესწავლას შეუდგა. 2010 წელს მისი სურათი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს სურათი „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტეტსო აქციებს აღწერდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”, “პროცესი” და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცემა.

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი „მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“. არჯუკაიტეს ფილმი რუსეთიდან ლიეტუვამდე გადაჭიმულ უცნაურ ტურისტულ სანახაობაზე მოგვითხრობს. უფოთლო ხეებით სავსე სიკვდილის პირას მყოფ ტყეს ათასობით უძველესი ჯიშის შავი ჩიტები შესევია და მჟავით გაჯერებული სკორეთი მთელ არეალს ანადგურებენ.

სექციის „დამზადებული გერმანიაში“ ფარგლებში უახლეს ფილმებზე დასწრებას შეძლებთ. ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება. სექციაში 5 ფილმი შედის – ემილი ატეფის „3 დღე კვიბერონში“, ტობიას ვიმანის „ამელი გარბის“, იზაბელ პრალის „წვიმის აღწერის ათასი ხერხი“, ტომას შტუბერის „დახლებს შორის“ და ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“, „მარწყვის მდელო“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება. რეჟისორის ანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა „ეშვი“ და „ლობსტერი“. „ფავორიტში“ მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად